საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მჭიდრო ორმხრივი კოორდინაციის შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოთხოვნით იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და მასში თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთანხმებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში“, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.