საქართველოდან რუსეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოწმობს.
უფრო კონკრეტულად, საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში 182.6 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი პროდუქცია გავიდა, რაც 5.3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მონაცემს, როდესაც ექსპორტმა 173.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ თუ საქსტატის წლიურ, ჯამურ მონაცემებს შევხედავთ, ბოლო 5 წელია რუსეთში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი სტაბილურად იზრდება.
კერძოდ, თუ 2021 წელს საქართველოდან რუსეთში 562.5 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გავიდა, 2025 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 24.5%-ით მოიმატა და 700.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
2021 წელი – 562.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.7%);
2022 წელი – 537.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.4%);
2023 წელი – 559.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.5%);
2024 წელი – 651.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.7%);
2025 წელი – 700.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.8%);
რაც შეეხება მთავარ საექსპორტო პროდუქციას, ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს.
უფრო კონკრეტულად, ტოპ-5 ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, რომელიც 2025 წელს საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა, ასე გამოიყურება:
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 170.6 მლნ აშშ დოლარის;
სპირტიანი სასმელები – 157.2 მლნ აშშ დოლარის;
მინერალური და მტკნარი წყლები – 70 მლნ აშშ დოლარის;
გაზიანი სასმელები – 50.7 მლნ აშშ დოლარის;
ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 50.3 მლნ აშშ დოლარის.