31 მაისს, თბილისის ისტორიულ მეიდანზე, საიათნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული „ვარდატონი“ გაიმართა, რომელიც წლებია აერთიანებს სომხური თემისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და მრავალრიცხოვან სტუმრებს, რათა პატივი მიაგონ დიდი სომეხი აშუღის ხსოვნას. სადღესასწაულო ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და კულტურული სტრუქტურების ინიციატივით მოეწყო.

ტრადიციისამებრ, დღის განმავლობაში მონაწილეებმა პატივი მიაგეს საიათნოვას ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც დღესასწაული მეიდნის მოედანზე ულამაზესი კულტურული პროგრამითა და კონცერტით გაგრძელდა. დღესასწაულის დაწყებამდე, წმინდა და უკვდავი ლიტურგიის დასრულებისთანავე, ეკლესიის ეზოში მდებარე საიათნოვას საფლავთან პანაშვიდი გადაიხადეს.

vardaton 2

vardaton 1

„ვარდატონი“ არა მხოლოდ ხსოვნის დღეა, არამედ შესაძლებლობა — ახალ თაობას წარედგინოს საიათნოვას შემოქმედებითი მემკვიდრეობა და მისი გამორჩეული წვლილი სომხური, ქართული და რეგიონული კულტურების განვითარების საქმეში.

vardaton 6

სადღესასწაულო საკონცერტო პროგრამის განმავლობაში, მაყურებლის წინაშე თბილისისა და ჯავახეთის სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ.

vardaton 5

vardaton 4

მეიდნის მოედანი საათების განმავლობაში იყო სავსე მუსიკით, ცეკვითა და სადღესასწაულო განწყობით. სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს საიათნოვას ხსოვნის დღე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „ვარდატონი“ თბილისის სომხური ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენად რჩება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში დღესასწაული „საქართველოს სომეხთა კავშირის“, თბილისის მერიის, სომხეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების თანაორგანიზებით, ასევე თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრის, საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით იმართება.

„ვარდატონი“ პირველად 1914 წელს თბილისში აღინიშნა.
დიდი სომეხი პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის არქივში ინახება წერილი, რომელიც მან მკურნალ-ექიმ ბაგრატ ნავასარდიანისგან 1914 წლის 15 ივნისს მიიღო:

„პატივცემულო ბატონო ჰოვანეს თუმანიან, მაისი ვარდების თვეა, საიათნოვა კი ვარდის მომღერალი და ვარდზე შეყვარებული პოეტია. ჩემი გულის ყველაზე ახლობელი საჩუქარი, რაც კი შემიძლია საიათნოვას მონუმენტთან მივიტანო, ყვავილების დედოფალი — ვარდია. ამიტომ, იმ დღეს, დილაადრიან, კეთილი ინებეთ და გამოგზავნეთ ვინმე ჩემს ბაღში, ვაჟთა მეორე გიმნაზიასთან, რათა ჩემგან ასი სხვადასხვა ჯიშის ვარდი ჩაიბაროს…“

ჰოვანეს თუმანიანი და სხვა ინტელიგენტები ამ ვარდებით ამაღლების ქუჩიდან სურბ გევორგ (წმინდა გიორგის) ეკლესიისკენ დაეშვნენ, სადაც საიათნოვას თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის გახსნის ცერემონია იმართებოდა. საფლავის ქვა ფერმწერ გევორგ ბაშინჯაღიანის ესკიზით იყო დამზადებული, მისი გახსნის პატივი კი ჰოვანეს თუმანიანსა და იოსებ გრიშაშვილს ხვდათ წილად. სწორედ იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი საიათნოვასეულ „ვარდატონს“, რომელიც დღემდე დიდი ზეიმით აღინიშნება.