მინიმალისტურ სტილში მოწყობილი მყუდრო ოთახი. კუთხეში – სწავლებისა და გადაღებებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები, კედელზე კი სარკეა, რომლის ზემოთაც მანათობელი ასოებით სტუდიის დიასახლისის – მომღერალ ირინა შიპაკციანის სახელი და გვარია დაწერილი. ეს ირინას კიდევ ერთი ნაბიჯია წინ და კიდევ ერთი შესაძლებლობა ჯავახეთში ნიჭიერი ბავშვების გამოსავლენად და ხელშესაწყობად.
ერთ-ერთ კუთხეში – სადღესასწაულო გამასპინძლებაა. სტუმრები ნელ-ნელა იკრიბებიან: ესენი არიან ახლობლები და ნათესავები, კოლეგები, ადამიანები, რომლებთანაც ირინა ყოველდღიურ ცხოვრებაში მუშაობს და ურთიერთობს. საყვარელი, ნაზი გოგონა გახსნის წინ ნერვიულობს. მღელვარების დაძლევაში მას მეუღლე ეხმარება, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერს.
საკუთარი სტუდიის გახსნისკენ ირინა დიდი ხანია მიდიოდა. მას ახალქალაქში ბავშვობიდანვე იცნობდნენ – ის კულტურის სახლთან არსებული აშუღთა სკოლის შემადგენლობაში გამოდიოდა. მისი მასწავლებელი, აშუღი ალიკ კსპოიანი, მას ისევე უჭერს მხარს, როგორც თავის ყველა ნიჭიერ კურსდამთავრებულს. სტუდიის გახსნაზე იგი მის გვერდით იყო.
შემოქმედებითი მწვერვალისკენ მიმავალი გზა შორეული სოფელ აზავრეთიდან წამოსული გოგონასთვის ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო. მშობლებს სურდათ, რომ მათ ნიჭიერ ქალიშვილს ემღერა, ამიტომ ახალქალაქში აშუღური სიმღერის გაკვეთილებზე დაჰყავდათ.
„ჩემი პირველი ნაბიჯები ახალქალაქის აშუღთა სკოლიდან დაიწყო, აშუღ ალიკ ჯავახკის მოსწავლე ვიყავი. მოგვიანებით მიზნად დავისახე სწავლის გაგრძელება და ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ჩემი მთავარი მიზანი ჯავახეთში დაბრუნება და ბავშვებისა თუ ახალგაზრდების ნიჭის გამოვლენა იყო“.
ირინას არა მხოლოდ ლამაზი ხმა, არამედ დახვეწილი გემოვნებაც აქვს ყველაფერში — ჩაცმულობაში, საკუთარი სტუდიის ინტერიერში… ჯავახეთში ირინას უფრო მეტად იცნობენ როგორც Irene Wedding-ს, რადგან ის სიმღერებს ქორწილებსა და პატარძლის დილისთვის ასრულებს. კითხვაზე, თუ რატომ „Irene“, ის პასუხობს, რომ სურს მისი სახელი სომხურად ჟღერდეს.
ბავშვობიდანვე ის სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდა როგორც სომხეთში, ისე საზღვარგარეთ. იყო გამარჯვებებიც და მარცხიც, მაგრამ ამას ის კი არ გაუტეხავს, არამედ პირიქით – გააძლიერა. ირინა მიიჩნევს, რომ იმ ადგილს, სადაც ადამიანი იბადება და იზრდება, დიდი მნიშვნელობა აქვს: მთაში ცხოვრება ადამიანს უფრო მიზანდასახულსა და ძლიერს ხდის.
„არაერთხელ შემომთავაზეს სომხეთში დარჩენა და კოლეჯში ლექტორად მუშაობა, ხოლო ასპირანტურის დასრულების შემდეგ – კონსერვატორიაში სწავლება. თუმცა, მე სახლში, ჯავახეთში დაბრუნება მსურდა, რათა ჩემი მხარისთვის სარგებელი მომეტანა. სომხეთში ბევრი სპეციალისტია, აქ კი ვგრძნობდი, რომ ნამდვილად საჭირო ვიქნებოდი“.
ირინამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ პატარა რეგიონებში მწვერვალების მიღწევა ძალიან რთულია, როგორც შესაძლებლობების ნაკლებობის, ისე საზოგადოების დამოკიდებულების გამო. ის იმუშავებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ახალგაზრდა ნიჭიერებს საკუთარი თავის პოვნასა და წინსვლაში.
„საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს, რასაც მივაღწიე, ჩემი სიჯიუტის წყალობით შევძელი. თუ მუდმივად იმაზე იფიქრებ, რომ შენზე ჭორაობენ ან ვინმეს არ მოსწონს ის, რასაც აკეთებ, წინსვლა შეუძლებელია“.
იმის შესახებ, თუ რამდენად რთულია ისეთი საქმის წამოწყება, რომელზეც ადამიანებს თითქმის არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, ირინამ საკუთარი გამოცდილებით იცის. ის დიდხანს ეძებდა სტუდიის გახსნის შესაძლებლობას, დიდი გაჭირვებით იპოვა ფართი, საკუთარი გემოვნებით მოაწყო და აი, გახსნაც შედგა.
ადამიანი ახლობლების მხარდაჭერის გარეშე უფრთო ჩიტს ჰგავს. ირინასთვის ოჯახის თანადგომა უდიდეს როლს თამაშობს.
„მხარდაჭერას — პირველ რიგში, მორალურსა და ფსიქოლოგიურს — ყოველთვის ვგრძნობდი მშობლებისგან. ახლა კი ყველაფერში გვერდით მიდგას მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობარი იყო. მშობლებს არასდროს დავუყენებივარ არჩევანის წინაშე და ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ისინი უფროსი თაობის სტერეოტიპებით არ აზროვნებდნენ. თუ რაიმე კითხვა ჩნდებოდა, მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე უკეთ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და გადაწყვეტილებები თავად უნდა მიმეღო“.
ირინა შიპაკციანის ვოკალის სტუდია ოფიციალურად გახსნილია. აქ მხოლოდ ვოკალის სწავლება არ იქნება. ბავშვები სწორ სუნთქვასა და პროფესიონალურ ვოკალურ ტექნიკას შეისწავლიან. ასევე, აქ ჩატარდება დოლზე დაკვრის პროფესიონალური გაკვეთილები.