ევროკავშირმა ჩინურ ონლაინ-მარკეტპლეის Temu-ს 200 მლნ ევროს (232 მლნ დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მიზეზი მის პლატფორმაზე უკანონო პროდუქტების, მათ შორის, საშიში საბავშვო სათამაშოებისა და გაუმართავი დამტენების გაყიდვაა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC და Euronews ავრცელებენ.

ევროკომისიის განცხადებით, ამ პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური რისკებისა და მათ მიერ მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის დროულად იდენტიფიცირება-შეფასების ადეკვატური კონტროლი კომპანიამ ვერ უზრუნველყო.

თავის მხრივ, Temu აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ჯარიმას „არაპროპორციულად“ მიიჩნევს.

ევროკავშირმა Temu-ს შემოწმება ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო გასული წლის ივლისში წინასწარი გამოძიებით დაასკვნა, რომ პლატფორმა ბაზარზე უკანონო პროდუქტების გამოჩენის რისკთან დაკავშირებულ ძირითად წესებს არღვევდა. გამოძიების ფარგლებში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შესყიდვები განახორციელეს და დაადგინეს, რომ Temu-ს მეშვეობით შეძენილი დამტენების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ელექტროუსაფრთხოების ძირითადი ტესტები ვერ გაიარა.

ასევე, Euronews-ის ცნობით, სახიფათო აღმოჩნდა ბავშვთა სათამაშოების მნიშვნელოვანი რაოდენობაც, რადგან ისინი დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობის ქიმიკატებს შეიცავენ ან პატარა მოსახსნელი ნაწილები აქვთ, რომლებიც ბავშვებისთვის სახიფათოა.

ჯარიმის გადახდის გარდა, Temu ვალდებულია, გამოვლენილი დარღვევების მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმა 28 აგვისტომდე წარადგინოს. შემდეგ ევროკომისიას ორი თვე ექნება იმის შესაფასებლად, შეასრულა თუ არა კომპანიამ სავალდებულო მოთხოვნები.

ტექნოლოგიების საკითხებში ევროკომისარ ჰენა ვირკუნენის თქმით, ეს გადაწყვეტილება Temu-სთვის „მეტად მკაფიო სიგნალის“ გაგზავნას ისახავს მიზნად. თავად Temu-ში საპასუხოდ აცხადებენ, რომ კომპანია პატივს სცემს მკაფიო და თანმიმდევრული რეგულაციების საჭიროებას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება 2024 წელზე ვრცელდება და პლატფორმის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს.

ცნობისთვის: ეს არის მეორე ჯარიმა, რომელიც ევროკავშირის ციფრული სერვისების კანონმდებლობის შესაბამისად იქნა დაკისრებული. პირველად 120 მლნ ევროს ოდენობით სოციალური ქსელი, X გასული წლის დეკემბერში დაჯარიმდა.