ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების ხელშეწყობისა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოვაჭრების დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში მოაწყვეს სპეციალური სათბურები, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ მოჰყავდათ და აკულტივირებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კანაფს“.

ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთიერ მტკიცებულებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაფის მცენარეები და გამომშრალი მარიხუანა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.