აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები „COVID-19-ის პანდემიის გამო“ დღემდე დაკეტილი რჩება, თუმცა 26 მაისს მთავრობამ განაახლა იმ რკინიგზის მუშაობა, რომელიც ასევე კვეთს სახმელეთო საზღვარს. გთავაზობთ ჟურნალისტის მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რისთვის გაიხსნა ეს გზა.
ბაქო–თბილისის სამგზავრო მატარებლით მგზავრობის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოგონება 2019 წლის სექტემბერს უკავშირდება, როდესაც ამ მარშრუტით ბოლოს ვიმგზავრე და ჩემს სამშობლოს დავემშვიდობე. ამის შემდეგ მალევე მსოფლიო COVID-19-ის პანდემიამ მოიცვა და აზერბაიჯანის მთავრობამ ისარგებლა სიტუაციით, რათა სრულად ჩაეკეტა თავისი სახმელეთო საზღვრები ექვს წელზე მეტი ხნით.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს გზაში 16 საათის დახარჯვა უწევდათ, რათა მოენახულებინათ, მაგალითად, საქართველოს მარნეულის რაიონში მცხოვრები ნათესავები. მანამდე კი, როდესაც სახმელეთო საზღვრები ღია იყო, მგზავრობის დრო სულ რაღაც ორ საათს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო მატარებლების მოძრაობას „მწვანე შუქი“ აენთო და მუშაობა განახლდა, სახმელეთო საზღვრები ოფიციალურად მაინც არ არის გახსნილი, ხოლო საკარანტინო პერიოდის ბოლო გაგრძელება 1 ივლისამდე გაგრძელდება. პარადოქსი აშკარაა — სახმელეთო საზღვარი, რომელიც თითქოსდა COVID-19-ის გამო ჩაკეტილი რჩება, ამავდროულად გახსნილია სარკინიგზო ხაზითა და შეუფერხებელი ფრენებით.
რატომ დათანხმდა მთავრობა ამას საბოლოოდ მაინცდამაინც ახლა, ან რამ აიძულა ისინი, რომ გაეხსნათ მხოლოდ სამგზავრო მატარებლის მარშრუტი და არა მთელი სახმელეთო საზღვარი – აი, მთავარი კითხვები, რომლებიც გამიჩნდა. თუმცა ვიცი, რომ აზერბაიჯანის მთავრობა, რომელიც თავს საკუთარი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულად არასდროს მიიჩნევდა, ამ კითხვებს არ უპასუხებს.