საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალქალაქის მცხოვრები ანუშ მკრტჩიანი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას დაკარგული მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით. ის ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ომის ვეტერანი და სამხედრო ოფიცერი იყო, რომელიც საქართველოსთვის იბრძოდა, თავად მას კი დაკარგულ მოქალაქეობას არ უბრუნებენ.
„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ჩემი მეუღლე 1990-იან წლებში სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. ის სამართალდამცავ ორგანოებში მსახურობდა – ეს იყო მისი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის წინაშე. იგი ახლახან გარდაიცვალა, მე კი იმ ქვეყნის მოქალაქეც კი არ ვარ, რომლისთვისაც მან არაერთხელ ჩააგდო სიცოცხლე საფრთხეში.
სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეობა უცოდინრობის გამო დავკარგე. ახლა რთულ პერიოდს განვიცდი: ჩემს ასაკში ვერ ვსარგებლობ იმ უფლებებით, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. დახმარების თხოვნით არაერთხელ მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, პარლამენტის წევრებსა და სახალხო დამცველის აპარატს. თუმცა, ასაკის გამო, გამოცდას ვერ ვაბარებ, რადგან, სამწუხაროდ, არ ვფლობ სახელმწიფო ენას და მის სწავლას ვეღარ ვახერხებ. გთხოვთ, აღმიდგინოთ მოქალაქეობა, როგორც იმ ადამიანის ქვრივს, რომელიც მზად იყო სიცოცხლე გაეწირა სამშობლოსთვის“, – აღნიშნავს თავის მიმართვაში ანუშ მკრტჩიანი.
ანუშ მკრტჩიანი 70 წლისაა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ეს ისტორია საკმაოდ გავრცელებულია. მას მთელი ცხოვრება ახალქალაქში აქვს გატარებული და საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა მისი შვილები, სამშობლოში შესაძლებლობების არქონის გამო, საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ. იმისათვის, რომ შვილებისა და შვილიშვილების თავისუფლად მონახულება შეძლებოდა, ანუშმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა. საბუთების წარდგენისას აღმოჩნდა, რომ ამისათვის მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევდა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ანუშმა საარქივო დოკუმენტების აღდგენა შეწყვიტა. მისი მეუღლე გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი იყო, რომელიც 2008 წლის ომში მონაწილეობდა.
„ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და პენსიაზე ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით სამხრეთ ოსეთის ბოლო ომის შემდეგ გავიდა. ის ცხინვალში მსახურობდა. საქართველოსთვის წარმოებულ ომში სამჯერ მიიღო მონაწილეობა. ამან გავლენა იქონია ჩემზეც და ჩემს შვილებზეც. ჩემმა შვილმაც იმსახურა ჯარში. მე კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ არასოდეს უცხოვრია“, — ამბობს ის.