საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს 2024 წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა და 0.34 ნიშნულს მიაღწია.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.01-ით და 0.34 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 0.02 პუნქტით, 0.34 ნიშნულამდე შემცირდა.
„საქსტატის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2016-2025 წლებში, მთლიანი შემოსავლების მიხედვით, უთანასწორობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი – 0.41, 2017 წელს იყო.
რაც შეეხება ჯინის კოეფიციენტს მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, ყველაზე მაღალი ასევე 2017 წელს იყო – 0.40.
ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-თან ახლოს ან 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1-თან ახლოს ან 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.
წყარო bpn.ge