2026 წლის იანვარ-აპრილში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 84%-ით (87.6 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი თითქმის 100%-ით (53.9 მლნ ლარით) გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 4 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 192 053 781 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 104 412 034 ლარი იყო.
მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 4 თვეში ბიუჯეტში შესული 192 მლნ ლარიდან 154.912 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წლის იგივე პერიოდში ამავე მუხლით, ბიუჯეტში 80.251 მლნ ლარი შევიდა.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 108 264 051 ლარი შევიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში – 54 339 998 ლარი.