ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოში სწრაფად იზრდება, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მისი გავრცელების დონე კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. Microsoft-ის შეფასებით, მომხმარებელი თვეში საშუალოდ მინიმუმ 90 წუთს ატარებს ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში. ამასთანავე, გლობალურად შრომისუნარიანი ზრდასრული მოსახლეობის 17.8% AI-ს რეგულარულად იყენებს.
Visual Capitalist-მა მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით AI-ის გამოყენების რეიტინგი მოამზადა. ეს რეიტინგი აჩვენებს, სად არის ხელოვნური ინტელექტის გავრცელება ყველაზე მაღალი. რეიტინგში წარმოდგენილია იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი, რომელიც AI-ს რეგულარულად იყენებს.
აზია ხელოვნური ინტელექტის ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი ხდება
ეს რეიტინგი აჩვენებს, რომ ამერიკა ლიდერობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, თუმცა არა მისი გამოყენების კუთხით. კვლევის თანახმად, აშშ-ის შრომისუნარიანი ზრდასრული მოსახლეობის 31.3% იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რითაც ამერიკა 20 ქვეყანას ჩამორჩება.
ამის პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით მსოფლიოში არაბთა გაერთიანებული საამიროები 70.1%-იანი მაჩვენებლით ლიდერობს. მას კი მოსდევს სინგაპური 63.4%-იანი ნიშნულით.
ამასთანავე, კვლევა აჩვენებს, რომ აზია ხელოვნური ინტელექტის ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი ხდება – მსოფლიოში 15 ყველაზე სწრაფად მზარდი ხელოვნური ინტელექტის ბაზრიდან 10 აზიაზე მოდის.
10 ქვეყანა, სადაც ხელოვნური ინტელექტი შრომისუნარიანი ზრდასრული მოსახლეობის მიერ ყველაზე მეტად გამოიყენება, ასე გამოიყურება (მონაცემები მოცემულია 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით):
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 70.1%;
სინგაპური – 63.4%;
ნორვეგია – 48.6%;
ირლანდია – 48.4%;
საფრანგეთი – 47.8%;
ესპანეთი – 44.2%;
ახალი ზელანდია – 43%;
დიდი ბრიტანეთი – 42.2%;
ნიდერლანდები – 42.1%;
კატარი – 41.8%.