საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელ ქვეყანაში აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ არის ორგანიზებული. ახალქალაქში მოეწყობა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, საბავშვო და კულტურული პროგრამები, ადგილობრივი ანსამბლების გამოსვლები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის ბაზრობები, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინტერაქციული სივრცეები, ასევე გალა-კონცერტი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.
26 მაისის დილას, თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება სლოგანით: „1700 წელი — რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფიცის დადების ცერემონია დღემდე არსებულთაგან ყველაზე მასშტაბური იქნება: პირველად წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისსა და ქვეყნის 12 რეგიონში — ძველ ქრისტიანულ ტაძრებსა და მონასტრებში.
დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული, გასართობი და საბავშვო ღონისძიებები ჩატარდება თბილისში, ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღში. პარალელურად, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება რეგიონების ცენტრალურ მოედნებზეც.
17:10 საათზე, დამოუკიდებლობის ისტორიული დეკლარაციის გამოცხადების აღსანიშნავად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული გალა-კონცერტებით დასრულდება.
თბილისში ღონისძიებები ასევე ჩატარდება ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებზე, ხაზინის შესახვევში, ალექსანდრეს ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
ღონისძიებათა პროგრამა თბილისში
ალექსანდრეს ბაღი
12:00–19:00: საბავშვო კონცერტი („ანაბანა“, ვოკალის აკადემია, „ბასტი-ბუბუ“, მეკო სტუდიო, ნუცას სკოლა, ნუკრი კაპანაძის სტუდია, ნიას სტუდია, Candy, „ბზიკები“).
12:00–20:00: საბავშვო გასართობი პროგრამა: მასტერკლასები, გიგანტური გასაფერადებლები, საპნის ბუშტების შოუ, ილუზიონისტის ჯადოსნური ნომრები, ზღაპრების კითხვა.
ხაზინისა და ფხოვის ქუჩები
12:00–20:00: სპორტული სივრცე: ფოტოზონები, სამაგიდო თამაშები, კალათბურთი, ფეხბურთი, პადელი (Padel), საგამოფენო სივრცე და სპორტული ქრონიკები.
ფურცელაძის ქუჩა
12:00–20:00: ღვინისა და მარცვლეულის სივრცე: ღვინის ბარი, ღვინის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოსასვენებელი და ფოტოზონები.
14:00–18:00: საბავშვო აქტივობები (ყვავილების გვირგვინები, ხელნაკეთი ნივთები, ჰერბარიუმი, სამკერდე ნიშნები).
12:00–16:00: მუსიკალური პროგრამა (ანი კეკუა და ბენდი, დინი ვირსალაძე, მარიკო ებრალიძე, DJ).
ფურცელაძისა და ათონელის ქუჩების კვეთა
12:00–19:00: ხელოვნების სივრცეები, ყვავილების გამოფენები, ფოტოზონები, ვორქშოფები, თემატური კაფე და კონცერტი.
ვეკუას ქუჩა: კვების ზონა
იტალიის ქუჩა: საზოგადოებრივი კვების ობიექტები
17:10: პრეზიდენტის რეზიდენციის (ათონელის) ეზო: სახელმწიფო ჰიმნის შესრულება.
20:00: გალა-კონცერტი.
ღონისძიებები რეგიონებში
სადღესასწაულო ღონისძიებები ასევე მზადდება მარნეულში, ახალქალაქში, ახალციხეში, გორში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ფოთში, ამბროლაურში, მცხეთაში, ოზურგეთში, მესტიაში, რუსთავსა და ბათუმში.
ყველა რეგიონში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენები
საბავშვო და კულტურული პროგრამები
ადგილობრივი ანსამბლების გამოსვლები
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის ბაზრობები
სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინტერაქციული სივრცეები
გალა-კონცერტები ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები მთელ ქვეყანაში დასრულდება გალა-კონცერტებით, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი არტისტები.