გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების არასტაბილურობა საქართველოში მოქმედ გადამზიდ კომპანიებზეც აისახა.

საწვავის გაძვირების ფონზე, ამათანების ტრანსპორტირების ტარიფები როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე გაიზარდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ინექს გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, სერვისის ღირებულებაზე ძირითადი გავლენა, ავიაკომპანიების მხრიდან ტარიფების ცვლილებამ მოახდინა.

მისივე თქმით, კომპანიას ამანათების ტრანსპორტირების გაძვირება ორ მიმართულებაზე, დაახლოებით, 15-20%-ით მოუწია.

„ტენდენცია ნამდვილად ზრდისკენაა. ამის ერთადერთი მიზეზი საწვავის გაძვირებული საფასურია, რამაც ავტომატურად, პარალელურ რეჟიმში, სხვა სერვისების გაძვირებაც გამოიწვია. პირველ რიგში, ავიაგადაზიდვების ტარიფები გაიზარდა.

რამდენით გაძვირდა შიდა და საერთაშორისო გადაზიდვები
საწვავის ხარჯი ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილია და მას უდიდესი ადგილი უჭირავს სერვისის ღირებულებაში. შესაბამისად, მასზე ფასის ცვლილება პირდაპირ ზრდის ხარჯებს, რის გამოც კომპანია იძულებულია, სატარიფო პოლიტიკა შეცვალოს.

ჩვენ პირველები არ ვყოფილვართ. პრაქტიკულად, ბოლო მომენტამდე ვცდილობდით ფასების შენარჩუნებას და ველოდებოდით, რა ტენდენცია ჩამოყალიბდებოდა, თუმცა, ვხედავთ, რომ ტენდენცია გაიაფებისკენ ნამდვილად არ წასულა.

ამის გამო, გარკვეულ მიმართულებებზე ტარიფების მომატება მოგვიწია. ძირითადად, ეს ეხება საჰაერო გადაზიდვების მიმართულებებს – ამერიკასა და ბრიტანეთს.

ბრიტანეთის ხაზზე ტარიფი კილოგრამზე 1 ფუნტით გაიზარდა, ხოლო ამერიკის მიმართულებაზე – 1.2 აშშ დოლარით. ჯამში, საუბარია დაახლოებით 15-20%-იან ზრდაზე.

თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, კიდევ ერთხელ მოგვიწევს ფასების გადახედვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა აღარ არის ისეთი მკვეთრი. ვიტოვებთ იმედს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება ან გაუმჯობესდება.

ჯერჯერობით, მეტ ცვლილებას არ ვგეგმავთ, თუმცა ეს ყველაფერი ისევდაისევ დამოკიდებულია მსოფლიოში ნავთობის ფასებზე, შესაბამისად, საწვავის ხარჯებზე და ავიაკომპანიების ტარიფებზე“, – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ გიორგი კაპანაძე.

1 აშშ დოლარით გაიზარდა ტარიფები „კივი პოსტში“. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ნინი თვალთვაძემ განუცხადა, გადაზიდვების საფასურის ზრდა ყველა მიმართულებაზე გახდა საჭირო.

„სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტარიფების ზრდა მოგვიწია. ეს პროცესი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო და ავიაკომპანიების მხრიდან ფასების ზრდის ტენდენცია დღემდე გრძელდება. თითქმის ყველა ავიაკომპანია ტარიფებს პერიოდულად, ორ კვირაში ერთხელ აახლებს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ფასები დაახლოებით, 30-40%-ით გაიზარდა ავიაკომპანიების მხრიდან. არსებულ ვითარებაში ისინიც ვერაფერს ცვლიან. იმის შესაძლებლობაც არ აქვთ, წინასწარ ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რის გამოც გვიწევს, პირდაპირ ფაქტის წინაშე დავდგეთ.

ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა მიმართულებაზე 1 აშშ დოლარით გავზარდეთ ტარიფი. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ არსებული ნიშნული და ფასების შემდგომი ზრდა თავიდან ავიცილოთ, რადგან კარგად გვესმის, რამდენად პრობლემურია ეს მომხმარებლისთვის და რა გავლენას ახდენს გამოწერების დინამიკაზე,” – განაცხადა ნინი თვალთვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ფასების მატება ფიქსირდება შიდა საკურიერო-საფოსტო მომსახურებებზეც. როგორც კომპანია „ონვეის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ გოგოლაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ტარიფები საშუალოდ, 20%-ითაა გაზრდილი.

„ტარიფებს დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავხედეთ, როგორც კი კრიზისი დაიწყო, ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე და შესაბამისად, დაიწყო ნავთობზე ფასების ზრდა.

საწვავაზე ფასების მატებიდან დაახლოებით, 2 კვირაში გავხდით იძულებულები, რომ ფასებისთვის გადაგვეხედა.

საჰაერო გადაზიდვა კიდევ სხვა სპეციფიკაა და საერთაშორისო მიმართულებებზე შედარებით გვიან აისახა ეს ცვლილებები. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ შიდა გადაზიდვებს ვაწარმოებთ, მოგეხსენებათ, საწვავის გაძვირება მყისიერად აისახება ხოლმე საქართველოში.

გაზრდილი ღირებულება დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში დავაკომპენსირეთ, თუმცა, ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდებოდა. ამასთან, ჩვენ გვქონდა წინა გამოცდილებაც, რუსეთ-უკრაინის ომის.

მაშინაც ისეთი სურათი იყო, რომ მომატებულმა ტარიფებმა მალევე ვერ დაიწი და კრიზისული ვითარება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. სწორედ ამ პერიოდში მოგვიწია პირველად ტარიფების გადახედვა.

დაბალი კატეგორიის ტვირთებზე ტარიფები კილოგრამზე 50 თეთრით გავზარდეთ, ხოლო უფრო მაღალი წონის ამანათებზე – 1 ლარით. საშუალო ჭრილში რომ შევხედოთ, მომსახურების ღირებულება 10%-ით გაძვირდა ჩვენი მომხმარებლებისთვის.

რაც შეეხება ახლანდელ ვითარებას, საწვავის ფასთან დაკავშირებით სასიკეთო განახლება არ გვაქვს. თავიდანვე გავაფრთხილეთ მომხმარებლები, რომ თუ გაგრძელდებოდა საწვავის ფასის ზრდის ტენდენცია, შესაძლებელია, კიდევ მოგვიწიოს ტარიფების გადახედვა. არსებულ დინამიკას მივყვებით და კიდევ ვაკვირდებით, რა იქნება“, – განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან