სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის მონაცემების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების „შავ სიაში“ შეყვანილი კომპანიების რაოდენობა შემცირდა, ისევე როგორც „თეთრ სიაში“ შემავალი განმცხადებლების რიცხვი.
კერძოდ, სააგენტოს 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრთან („შავი სია“) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების საერთო რაოდენობამ 439 შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 465 იყო.
მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა ასეთია:
311 შემთხვევაში მომწოდებლები შეიყვანეს „შავ სიაში“ (2024 წელს: 337);
101 მომწოდებელს მიეცა გაფრთხილება (2024 წელს: 95);
24 განაცხადი უარყოფილ იქნა (2024 წელს: 21);
სამი განაცხადი დარჩა განხილვის გარეშე (2024 წელს: 12).
„მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი „შავ სიაში“ შეყვანის საქმეებზე მოდის, რაც ასახავს სააგენტოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას. გარდა ამისა, გაფრთხილების ინსტრუმენტის გამოყენება მიუთითებს პრევენციული ღონისძიებების აქტიურ გამოყენებაზე, რაც ხელს უწყობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტების შემდგომ განმტკიცებას“, — ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.
რაც შეეხება „თეთრ სიას“, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში („თეთრი სია“) ეკონომიკური ოპერატორების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების საერთო რაოდენობა ოდნავ შემცირდა. 2025 წელს მიღებულ იქნა 247 გადაწყვეტილება, მაშინ როცა 2024 წელს ეს ციფრი 262-ს შეადგენდა.
მიღებული გადაწყვეტილებების დეტალური სტატისტიკა ქვემოთაა მოცემული:
„თეთრ სიაში“ დარეგისტრირდა 128 მომწოდებელი (2024 წელს: 115);
71 მომწოდებელს გაუგრძელდა რეგისტრაციის ვადა (2024 წელს: 89);
7 განაცხადი უარყოფილ იქნა (2024 წელს: 7);
41 განაცხადი დარჩა განუხილველი (2024 წელს: 51).
„მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებების რაოდენობამ 71 შეადგინა, რაც საერთო გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი წილია. ეს მაჩვენებელი ადასტურებს „თეთრ სიაში“ უკვე რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორების აქტიურ და უწყვეტ მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, რაც, თავის მხრივ, სისტემისადმი ნდობის მაჩვენებელია“, — აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადდა 27 796 ღია ელექტრონული ტენდერი, ხოლო საბოლოო სტატუსი მიენიჭა 26 441 ტენდერს. მათგან ხელშეკრულებები გაფორმდა 20 202 შემთხვევაში, რაც ტენდერების საერთო რაოდენობის 76%-ს შეადგენს.
ამასთან, 2025 წელს სახელმწიფო შესყიდვების საერთო ღირებულებამ 6 380 651 379 ლარი შეადგინა. აქედან 4 547 554 328 ლარი (71,25%) შესყიდულ იქნა ღია ელექტრონული პროცედურების/ტენდერების მეშვეობით, 718 988 460 ლარი (11,25%) — ღია ელექტრონული კონსოლიდირებული (ცენტრალიზებული) ტენდერების საშუალებით, ხოლო 1 114 108 591 ლარი (17,5%) — გამარტივებული შესყიდვის პროცედურებით.