„საგაზაფხულო წაყინვებმა ზოგიერთი კულტურის მოსავალი პრაქტიკულად, გაანადგურა“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ აგრონომმა და ფერმერმა აკაკი ღლონტმა ისაუბრა.
მისივე განმარტებით, აგრარულ სექტორში უამინდობასთან დაკავშირებული პირველი გამოწვევები აპრილიდან დაიწყო, როდესაც დაბალმა ტემპერატურამ ვეგეტაციის ფაზაში მყოფი მცენარეების კვირტების დაზიანება გამოიწვია.
როგორც აკაკი ღლონტი განმარტავს, კლიმატური პირობების გამო, წელს გურიაში რამდენიმე კულტურის, მათ შორის კივის, ხურმისა და ტყემლის დეფიციტია მოსალოდნელი.
„პრობლემები, პირველ რიგში, აპრილის საგაზაფხულო წაყინვებმა შექმნა. „საგაზაფხულო წაყინვა“ აგრონომიაში დამკვიდრებული ტერმინია და ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, მოსავალი მთლიანად გაანადგუროს.
ამას გამანადგურებელი ეფექტი აქვს იმ კულტურებისთვის, რომლებიც სწორედ მოცემულ მომენტშია ყვავილობის ფაზაში. განსაკუთრებით კი, დაბალ ზონებში მოქმედებს წაყინვა. თანაც, ცივი ამინდები და რაც მთავარია, ცივი ღამეები შემდგომ პერიოდებშიც გაგრძელდა, ეს კი მცენარისთვის პირდაპირი სტრესია და მოსავალზე ძალიან ცუდად აისახება.
მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, იმ ტერიტორიაზე, სადაც მე ვცხოვრობ, შემიძლია გითხრათ, რომ კივის მოსავალი წელს საერთოდ არ იქნება. გამოსული კვირტები ყინვამ სრულად გააფუჭა. მართალია, მცენარე მთლიანად არ გაახმო, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგან ამინდმა ყვავილი დააზიანა, ჩათვალეთ, რომ მოსავალს ვეღარ მივიღებთ.
კივი მხოლოდ ერთეულ, შედარებით თბილ ადგილებშია დარჩენილი (მაგალითად, სოფელ ზემო ნატანებში), დაბალ ზონებში კი მოსავალი მთლიანად განადგურდა.
გარდა კივისა, ყინვამ დააზიანა ხურმა, ლეღვი, მოყვავილე ატამი, ტყემალი და ალუჩა. კურკოვანები (ტყემალი და ალუჩა) მხოლოდ ალაგ-ალაგაა ხეზე შემორჩენილი.
პრაქტიკულად, ყველაფერი გაფუჭდა, რაც ვეგეტაციის ფაზაში იყო. კივთან ერთად, განსაკუთრებით საგულისხმოა ტყემალი, რომელიც ძალიან მოთხოვნადი კულტურაა და წაყინვამ ის პრაქტიკულად, გაანადგურა.
ფერმერებს, რომელთა ნაკვეთებსაც წაყინვამ გადაუარა, მოსავალი გაუნახევრდებათ ან შესაძლოა, სრულადაც გაუნადგურდეთ.
მაგალითად, ყინვა ვერ შეეხო ისეთ კულტურებს, როგორიცაა ფეიხოა, რადგან ის ჯერ ვეგეტაციის (კვირტის გამოსვლის) ეტაპზე არ იყო. ჩაიც კი გაიყინა, თუმცა ის ფოთლოვანია და ხელახლა გამოვა, ხოლო ის კულტურები, რომლებიც სეზონზე ერთხელ ყვავილობენ, უკვე გაფუჭებულია.
ეს იმიტომ ხდება, რომ ზამთრის ყინვა და „საგაზაფხულო წაყინვა“ ერთმანეთისგან განსხვავდება. თუ ზამთარში მცენარეს -10 გრადუსიც ვერ აზიანებს, გაზაფხულზე -1 გრადუსიც კი საკმარისი და დამღუპველია.
ეს ვერაგი მოვლენაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული, თუმცა ჩვენ შესაბამისი ტექნოლოგიები არ გვაქვს, რომ ამ პროცესებს ვებრძოლოთ,“ – განაცხადა აკაკი ღლონტმა.
მისივე განმარტებით, უამინდობა, რომელიც გრძელდება, მოსავალს სრულად ვერ გაანადგურებს, თუმცა სათანადო მოვლის გარეშე შესაძლოა, პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გააუარესოს.
„მთავარია, ყინვა არ იყოს, თორემ სხვა ტიპის უამინდობას მცენარე იტანს. მართალია, გრილმა ამინდმა შესაძლოა ვეგეტაცია შეაფერხოს, მაგრამ დათბობისთანავე „სულს მოითქვამს“ და ზრდას განაგრძობს.
რაც შეეხება წვიმებს, მათ შესაძლოა, სოკოვანი დაავადებების განვითარებას შეუწყონ ხელი, თუმცა ამასთან ბრძოლა შესაბამისი პრეპარატებით შესაძლებელია და ვშველით.
წამლობა ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მცენარეს სხვაგვარად ვერ დავტოვებთ. თუ მას საჭირო პროცედურებს არ ჩავუტარებთ, ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ხარისხზე ნეგატიურად აისახოს.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასებთანაცაა კავშირში. ბუნებრივია, ბაზარზე დეფიციტის შექმნა ფასების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა რაოდენობის პროდუქცია შემოვა უცხოეთიდან. ფასებზე ბევრი ფაქტორი მუშაობს.
ადგილობრივი არ გვექნება? – სხვას შემოიტანენ. ბაზარს იმპორტი არეგულირებს. მაგალითად, არ გვექნება კვერცხი, შემოიტანენ სხვა ქვეყნიდან, მაგრამ მაღალი ფასი დაედება. საბოლოო ჯამში, ფასს ბაზარი, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი დაადგენს“, – განაცხადა აკაკი ღლონტმა.
ფერმერის განცხადებით, მოსავლისთვის წვიმაზე გაცილებით დამაზიანებელი სეტყვაა, რამაც წელს სამეგრელოში მოცვის პლანტაციები დააზარალა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ამ რეგიონებისთვის სეტყვა დამახასიათებელი არ იყო.
„სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში ყინვიანი ამინდები სეტყვამ ჩაანაცვლა, რამაც მოცვის მოსავალი გაანახევრა. სეტყვა საყვავილე კვირტებს მექანიკურად აზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მოცვი ყინვაგამძლეა, სეტყვამ გააფუჭა.
გურია და სამეგრელო სეტყვიანი ამინდებით არ გამოირჩევა, თუმცა წელს იყო. გურიაში უმნიშვნელოდ, სამეგრელოში კი ბევრ სოფელს მასიურად გადაუარა“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აკაკი ღლონტმა.
bpn.ge