ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფერმერები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ — კარტოფილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზაციის გარეშეა დარჩენილი. ფასების კლების მიუხედავად, მყიდველი თითქმის არ ჩანს, ახალი სასოფლო-სამეურნეო სეზონის მოახლოებასთან ერთად კი აგრარიები სერიოზული ზარალის საფრთხის წინაშე დგანან.

ახალქალაქელი ფერმერები რეალიზაციის პრობლემას კიდევ ერთხელ შეეჩეხნენ. კარტოფილი არ იყიდება, ხალხი კი სასოწარკვეთილია და არ იცის, ვის მიმართოს.

სოფელ კოკიოში მოსავლის დაახლოებით 70% ჯერ კიდევ საწყობებშია — მყიდველი უბრალოდ არ არის. კოკიოს მცხოვრებ საქო გალსტიანს გასაყიდად კიდევ 6 ტონამდე კარტოფილი აქვს დარჩენილი.

„კარტოფილი არ იყიდება, მყიდველი არ არის. მართალია, ზამთარში იყო შემთხვევები, როცა არ ვყიდდით. მოდიოდნენ მყიდველები, მაგრამ ხალხს საწყობების გახსნა არ უნდოდა — ყინვები იყო და ბევრი თოვლი. იყვნენ ისეთებიც, ვინც იმ იმედით არ გაყიდა, რომ გაზაფხულზე ფასი მოიმატებდა. მეზობელ სოფელ ვარევანში 1,20–1,30 ლარად ყიდულობდნენ, ჩვენსას კი — 90 თეთრად. ველოდებოდით, როდის გაძვირდებოდა და ასე დაგვრჩა მოსავალი ხელში“.

სოფელ ვარევანის მაცხოვრებელი არშაკი ამბობს, რომ გაყიდვების ტემპმა მათთანაც იკლო.

„ჩემი კარტოფილი გავყიდე, მაგრამ სოფელში ძალიან ბევრს დარჩა. ზოგს მუდმივი მყიდველი ჰყავს — მსხვილი ფერმერები, და ისინი ყიდიან. დანარჩენები ვერ ახერხებენ — კლიენტები არ არიან. ჩვენი კარტოფილი ლამაზია, კარგი ფერი აქვს, ამიტომ მყიდველები მოდიან, თუმცა გაყიდვას მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს. მოსავლის ნახევარზე მეტი ისევ სოფელშია“, – ამბობს არშაკი.

ფერმერების ინფორმაციით, ახალქალაქში კარტოფილის ფასმა იკლო და ამჟამად კილოგრამზე 50–65 თეთრს შეადგენს, მაშინ როცა სოფელ ვარევანში ის 1,20–1,30 ლარად იყიდება.

ვარაზდატ სალვარიანმა სოფელ დილისკიდან მოსავალი ჯერ კიდევ შემოდგომაზე გაყიდა, ამიტომ მას ეს პრობლემა არ აწუხებს. თუმცა, მისი თქმით, სოფელში გასაყიდი კარტოფილი მაინც ბევრია დარჩენილი.

„მყიდველი ცოტაა, ფასი კი — დაბალი. სოფელში ალბათ 1000 ტონამდე კარტოფილი ჯერ კიდევ გაყიდვის მოლოდინშია. ახლა 1 კგ შერჩეული კარტოფილი 60–70 თეთრი ღირს“.

ენოქ ბაბაჯანიანმა მოსავლის ნახევარი შემოდგომაზე გაყიდა, 10 ტონამდე კი გაზაფხულისთვის შეინახა, თუმცა ახლა ვერ ყიდის — მყიდველი არ ჩანს.

„ისე არ ყოფილა, რომ ვინმეს 1 ლარი შემოეთავაზებინოს და არ გაგვეყიდოს. ვინც მოდიოდა, ყველა ყიდულობდა, უწონოდ არავინ მიდიოდა. მუნიციპალიტეტში კარტოფილი ბევრია, მსხვილი მყიდველი კი წელს ძალიან ცოტა იყო. კარტოფილის გარდა ყველაფერი გაძვირდა. ახლა 50 თეთრადაც თანახმა ვარ გავყიდო, მაგრამ არავინ მოდის. მინდა, რომ მინიმუმ ზარალზე არ წავიდე“, — ამბობს ენოქ ბაბაჯანიანი.

იგი ხაზს უსვამს, რომ სოფელში ხალხს სხვა სამუშაო არ აქვს, ამიტომ კარტოფილის მოყვანას მაინც აგრძელებენ. როდესაც მოსავალი არ იყიდება, იძულებულნი არიან ისევ დათესონ — ხომ არ გადაყრიან? შედეგად, ნათესი ფართობები იზრდება, ბაზარი კი პატარა რჩება.

„კარტოფილის რეალიზაციის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს. პრობლემებია სასუქებთან და საწვავთან დაკავშირებითაც — შესაძლოა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდეს“, — დასძენს იგი.

ჰრაჩ მოვსესიანი სოფელ ხავეთიდან ამბობს, რომ მათთან სიტუაცია შედარებით უკეთესია.

„ჩვენთან მოსავლის დაახლოებით 20% დარჩა, დანარჩენი გაყიდულია. ჩვენთან სატვირთო ავტომობილები შემოდიოდნენ; შესაძლოა იმიტომ, რომ გზა გაუმჯობესდა და წელს მყიდველები აქეთაც წამოვიდნენ. თუმცა ვიცი, რომ მეზობელ სოფლებში მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ფასი კი 50–65 თეთრია“, — ამბობს იგი.

აღსანიშნავია, რომ 1 კგ კარტოფილის თვითღირებულება ზუსტად ბევრს არ დაუთვლია, ამიტომ განცხადებები ზარალის შესახებ დიდწილად პირობითია.

აგრონომი და ფერმერი ეღიშ აღაჯანიანი, რომელიც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, პროდუქციას ყოველთვის შემოდგომაზე ყიდის — არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი.

„როცა კარტოფილი 1 ლარი ღირდა, ბევრმა არ გაყიდა. ახლა 50 თეთრზეც თანახმა არიან, მაგრამ მყიდველი აღარ არის. ჩვენ ამ საკითხს არასწორად ვუდგებით: პროდუქტი იყიდება მაშინ, როცა მასში ფულს იხდიან. არ უნდა შეინახო გაზაფხულამდე უფრო მაღალი ფასის იმედით. მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს“, — ამბობს იგი.

მუნიციპალიტეტში კარტოფილის რეალიზაციის მხრივ ვითარება კვლავ დაძაბულია და ეს სურათი ყოველწლიურად მეორდება. სტაბილური გასაღების ბაზრებისა და სისტემური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, ფერმერები ყოველ წელს ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგებიან. თუ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება — როგორც სახელმწიფოს, ისე თავად მწარმოებლების მხრიდან — მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს.