ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სოფელ გუმბურდოში ბაღს აშენებს. ორწლიანი პროექტის ფარგლებში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, თუმცა ჯერ არ განახლებულა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ისინი 1 მაისიდან უნდა დაწყებულიყო. სამშენებლო კომპანია „პარამეტრი“ ამას ამინდის პირობებით ხსნის და სამშენებლო სამუშაოების უახლოეს მომავალში განახლებას ჰპირდება.
ბაღი სოფელში, „პრეზიდენტის წყაროსთან“ შენდება. 2025 წლის 22 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი სოფელ გუმბურდოში ბაღის მოსაწყობად. სამშენებლო სამუშაოების ნაწილი 2025 წლის შემოდგომაზე უნდა შესრულებულიყო, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპი 2026 წლის 1 მაისს უნდა განახლებულიყო. ამ დროისთვის შესრულებულია საძირკვლის სამუშაოები.
გუმბურდოს მცხოვრებთა თქმით, რამდენიმე დღის წინ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს, თუმცა წელს სამუშაოები არ ჩატარებულა. დღეს, 14 მაისს, როდესაც Jnews-ი სოფელ გუმბურდოს ეწვია, სამშენებლო მოედანზე სამუშაოები კვლავ არ მიმდინარეობდა.
დაგვიანების მიზეზებისა და შესაძლო პრობლემების გასარკვევად, Jnews-ი სამუშაოებზე პასუხისმგებელ პირს, დავით ჩაჩანიძეს დაუკავშირდა.
„სამუშაოების განახლების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს, დაგვიანების მიზეზი ცუდი ამინდი და წვიმებია, რადგან ამ ეტაპზე ელექტრიკოსებმა უნდა იმუშაონ. მიწა სველია, ისინი ამ წუთას ვერ იმუშავებენ. შაბათს კარგ ამინდს ველოდებით და სავარაუდოდ, სამუშაოებს შაბათს დავიწყებთ“, — განაცხადა დავით ჩაჩანიძემ.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერი 10 სექტემბერს გამოცხადდა, თუმცა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობების გამო შეწყდა.
ბაღის მშენებლობისთვის 284 518 ლარი დაიხარჯება. ტენდერში შპს „პარამეტრმა“ გაიმარჯვა. ბაღში დაგეგმილია ერთი დახურული და ორი ღია ფანჩატურის, ასევე სკამების მოწყობა; გათვალისწინებულია ტერიტორიის განათება და გამწვანება. Jnews-ის ინფორმაციით, ბაღში სათამაშო მოედნის მოწყობა არ იგეგმება, რადგან სოფლის ამ ნაწილში ძირითადად ხანდაზმულები იკრიბებიან.
ავტორი არეგნაზ გრიგორიან