ახალქალაქის მერიამ უკვე ოთხი თვეა, რაც ქალაქგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო ინსპექტირების სფეროში „ერთი ფანჯრის“ პრინციპი დანერგა, რაც სამშენებლო დოკუმენტაციის კოორდინაციის პორტალის მეშვეობით ხორციელდება. მერია ამას პროცესის გამარტივებად და კომფორტად მიიჩნევს როგორც მოქალაქეებისთვის, ისე თავად მუნიციპალიტეტისთვის, მაშინ როდესაც ისინი, ვისაც მშენებლობის ნებართვა სჭირდება, ამაში სირთულესა და ხარჯების ზრდას ხედავენ.
2026 წლის 1 თებერვლიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მშენებლობის დაწყებისას, მოქალაქემ ნებართვა ონლაინ პლატფორმაზე – ms.gov.ge — უნდა აიღოს. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განაცხადთან ერთად, ონლაინ უნდა აიტვირთოს შენობის პროექტი და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის აუცილებელი ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ.
ახალქალაქის მერიის არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელის, კარინე ბატოიანის თქმით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპი მანამდე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგა, ახალქალაქში კი ძალაში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შევიდა.
ეს არის ღია პორტალი, სადაც დარეგისტრირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მიზანი ისაა, რომ როდესაც მოქალაქეს შენობის აშენება სურს, მან ძალიან მარტივად შეძლოს სისტემიდან ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტებია საჭირო მშენებლობის ნებართვაზე განაცხადის შესავსებად და შეავსოს ფორმა სახლიდან გაუსვლელად. განაცხადზე პასუხსაც SMS-ის სახით მიიღებს. სისტემის თავისებურება ისაა, რომ ყველა დოკუმენტი გაციფრებულია და ინახება. თუ მომავალში მიწის ნაკვეთის ან მშენებლობის შესახებ რაიმე ინფორმაცია გახდება საჭირო, ის ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმაზე.
მისი თქმით, ახალი სისტემა თავიდან შეიძლება ცოტა რთული ჩანდეს, თუმცა ის პროცესებს ბევრად ამარტივებს.
„შესაძლოა, ახლა ხალხში გარკვეული პანიკაა, რადგან ეს ახალი სისტემაა და ცოტა გაუგებარი ეჩვენებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ნათელი გახდება, რომ ეს პრობლემებს კი არ ქმნის, არამედ, პირიქით, აადვილებს პროცესს“.
კითხვაზე, ართულებს თუ არა ეს სისტემა მოქალაქეებისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესს, კარინე ბატოიანმა უპასუხა:
„შესაძლოა, მთავარი სირთულე პორტალის გამოყენება იყო, სადაც საჭიროა რეგისტრაცია და დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება. მთავარი მიზეზი, ალბათ, ენობრივი პრობლემაა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ; მე ჩატიც კი გავხსენი და ყველა კითხვას ვუპასუხე“.
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქვამენ მოქალაქეები ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადების გაძვირებას და არიან თუ არა მზად აუცილებელი ექსპერტიზის საფასურის გადასახდელად, ქალბატონმა კარინემ აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი ზომებია, რომლებიც უპირობოდ უნდა შესრულდეს.
„დიახ, ღირებულება გარკვეულწილად გაიზარდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს დამოკიდებულია მშენებლობის ტიპზე, ანუ ყველაფერი შენობის ზომასა და სახეობაზეა დამოკიდებული“.
კარინე ბატოიანის თქმით, ამ ცვლილებების ფონზე მშენებლობის ნებართვაზე განაცხადების რაოდენობის შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა; რთული მხოლოდ პირველი თვე იყო, ახლა კი ყველაფერი ბუნებრივი კალაპოტით მიმდინარეობს.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალქალაქის მცხოვრებლებმა ეს სისტემა საკმაოდ მძიმედ მიიღეს; იყვნენ ისეთებიც, ვინც მშენებლობის დაწყების იდეა მას შემდეგ გადადო, რაც გაიგო, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო განაცხადის შესატანად. ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები გამოთქვამენ შიშს, რომ სირთულეებისთვის თავის არიდების მიზნით, მოქალაქეებმა შესაძლოა უკანონო მშენებლობები დაიწყონ.
„ხარჯები გაიზარდა და ხალხი ჯერ კიდევ არ არის მზად ფული პროექტირებასა და ნებართვების აღებაში დახარჯოს; ამას იმით ამართლებენ, რომ ეს თანხა შეეძლოთ უშუალოდ შენობის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯებში ჩაედოთ. რა თქმა უნდა, ეს აზროვნების წესთან არის დაკავშირებული, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდება“, — აღნიშნა მან.
ხარჯების ზრდის მასშტაბების შეფასება რთულია, რადგან სხვადასხვა ტიპის შენობების მშენებლობის მიმართ მოთხოვნები განსხვავებულია.
„ღირებულება დამოკიდებულია შენობის ზომაზე, ანუ სამშენებლო პროექტის ფასზე, ხოლო ექსპერტიზების ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ კვადრატულ მეტრს დაიკავებს დაგეგმილი ნაგებობა“, — აღნიშნა დარგის სპეციალისტმა.
ავტორი არეგნაზ გრიგორიან