გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. მისი მიზანია ქართული ღვინის, როგორც ეროვნული იდენტობისა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, ასევე მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 8 მაისს, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე ღვინის სექტორში მომუშავე უცხოელი პროფესიონალები.
სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი, ჯონ ბარკერი ეწვევა.
კონფერენციაზე განხილული იქნება სამეცნიერო პროექტის – „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ – მიღწევები და მიმდინარე საქმიანობა. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სპიკერები იმსჯელებენ მსოფლიო ღვინის ბაზრის მდგომარეობაზე, ახალ გამოწვევებზე, საექსპორტო ბაზრების თავისებურებებსა და მათზე დამკვიდრების შესაძლებლობებზე.
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში, გუდიაშვილის მოედანზე მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია, ასევე შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ღვინის 8000-წლიან ისტორიას. დღე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება.
„საქართველო მთელ მსოფლიოში აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორია 8 000 წელს ითვლის. არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი და ღვინის განსაკუთრებული ადგილი ქართულ კულტურაში, ერთობლიობაში ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობად ჩაითვალოს“, — აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.