დღეს, 6 მაისს, დიდთოვლობისა და წყალდიდობის (წყლის მოვარდნის) გამო, სოფელ კორხის სარწყავი წყლის წყალშემკრები დაზიანდა, რამაც ნათესების დატბორვა გამოიწვია. მოსახლეობა მოსავლის სრულ განადგურებაზე საუბრობს და ზარალის ანაზღაურებას ან კარტოფილის დასათესად ალტერნატიული მიწის ნაკვეთების გამოყოფას ითხოვს.
წყალსაცავი, რომელიც მთის წყაროებითა და ნალექებით ივსება სოფელ კორხის მიმდებარე მინდვრებიდან, სარწყავად საბჭოთა პერიოდიდან გამოიყენება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ეს მიწის აუზი არასოდეს დანგრეულა და ნათესები არ დაუტბორავს. ყოველწლიურად ისინი თავად ხსნიან არხებს წყლის საკუთარ ნაკვეთებზე გადასაშვებად.
წელს დიდი რაოდენობით თოვლის გამო, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ დამდნარა, აუზი გადაივსო და ვეღარ გაუძლო. დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, აუზმა რღვევა დაიწყო და წყალი ძლიერ ნაკადად გაიჭრა მინდვრებისკენ, რამაც ნათესების დატბორვა გამოიწვია. ამ მომენტისთვის შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რამდენი ჰექტარია დატბორილი. ბევრ ნაკვეთთან მიახლოებაც კი შეუძლებელია.
ადგილზე შეიკრიბნენ მცხოვრებლები, რომელთა ყანებიც წყალმა დაფარა; ისინი სასოწარკვეთილნი არიან, რადგან თესვა სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულეს.

„წყალი მთებიდან მოედინება, წასასვლელი არსად აქვს და აუზში გროვდება. წელს ვეღარ გაუძლო“, — ამბობს სოფლის მცხოვრები.
„დავთესეთ კარტოფილიც და მარცვლეულიც. სულ გუშინ დავასრულეთ. უზარმაზარი თანხები დავხარჯეთ, რადგან წელს ყველაფერი გაძვირდა. ერთი მეასედის (სოტკის) დათესვაში 5 ლარი გადავიხადეთ. ამას დამატებული სასუქი… წყალმა ყველაფერი წაიღო“, — ამბობს სოფელ კორხის მკვიდრი.
„მოვედი, ვნახე და ვდგავარ და ვტირი. ჩემი ოჯახის წევრები მიბრაზდებიან, მე კი მაინც ვტირი“, — ამბობს ერთი ქალი.
დღეს მცხოვრებლები, მუხლამდე ტალახში მდგარნი, კარტოფილს კი არა, იმ თევზებს აგროვებდნენ, რომლებიც წყალმა აუზიდან მათ ნათესებში გამორიყა.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ, მათ შორის მერი მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი, დეპუტატები და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი. ისინი სიტუაციას გაეცნენ, თუმცა მოსახლეობისთვის კომპენსაციის შესახებ დაპირების მიცემა ვერ შეძლეს.
„ჩვენ მხოლოდ ხელოვნური ტბის აღდგენა შეგვიძლია. რაც შეეხება დაზარალებულებს, თითოეულმა ადამიანმა თავისი მოსავალი თავად უნდა დააზღვიოს. სახელმწიფო ამ დაზღვევას ასუბსიდირებს. ჩვენს ფერმერებს დაზღვევა არ აქვთ, სამწუხაროდ, არცერთ დაზარალებულს არ აღმოაჩნდა ის. მერია ვერც მოსავლის და ვერც მიყენებული ზარალის კომპენსაციას ვერ მოახდენს. ჩვენი მხრიდან მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ შექმნილი ვითარების შესახებ შესაბამის ორგანოებსა და სამსახურებს ვაცნობოთ“, — განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
Jnews თვალს მიადევნებს მოვლენების განვითარებას.