22 მაისს, ახალქალაქის მე-5 საჯარო სკოლაში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) ბოლო ზარი დაირეკა. სკოლა 13 მოსწავლემ დაამთავრა.
ბოლო ზარი საქართველოსა და სომხეთის ჰიმნით დაიწყო. ისევე როგორც სხვა სკოლებში, მოსწავლეებმა სიმღერები შეასრულეს, მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს, აჩუქეს ყვავილები, იმღერეს სიმღერები სომხურად და იცეკვეს სომხური ცეკვა, ცაში გაუშვეს თეთრი მტრედები და თეთრი ბუშტები. სკოლის დირექტორმა ნაზენი მოსოიანმა მოსწავლეებს მიულოცა. ღონისძიება ახალქალაქის სკოლებში ტრადიციული გამოსაშვები ვალსით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს 599 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. 19 მაისს N3 სკოლის 18 მოსწავლის (ჭავჭავაძის სახ.) და მე-4 სკოლის 52 მოსწავლის (დემირჩიანის სახ.) ბოლო ზარი გაისმა. 20 მაისს N2 საჯარო სკოლაში (რუსული), სადაც 34 მოსწავლე იყო, ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 21 მაისს კი N1 სკოლაში (თუმანიანის სახ.) ბოლო ზარი შედგა – სკოლა 47-მა მოსწავლემ დაამთავრა. ბოლოს ქალაქში, 22 მაისს, მე-5 სკოლის (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) 13 მოსწავლისთვის გაიმართა ბოლო ზარი. ასევე, ბოლო ზარს ამ დღეებში ყველა სოფლის სკოლა ზეიმობს. ახალქალაქის 5 სკოლაში 164 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა.