მუშაობის განახლებისთვის თანხმობის მისაღებად სასტუმროებმა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისიის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ. ამისთვის საჭიროა სასტუმროს მფლობელები სპეციალურ საიტზე დარეგისტრირდნენ და განაცხადი შეავსონ.

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო სასტუმროებზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით მოიხსნა, თუმცა კარანტინის შემდეგ, სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ სასტუმროებს, რომლებმაც შემოწმება გაიარეს და შესაბამისი ნებართვა აქვთ. ნებართვის მოსაპოვებლად კი, სასტუმროს მფლობელი ვალდებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე დარეგისტრირდეს. მაგრამ ახალქალაქში სასტუმროების მფლობელები აღნიშნულ საიტზე არ დარეგისტრირებულან.

რეგისტრაციის ინსტრუქცია

დარეგისტრირება შესაძლებელია აქ

ახალქალაქში ზოგი სასტუმროს მფლობელი ინფორმირებული იყო, რომ დღეიდან დასაშვებია საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუკი ნებართვა გაქვს, ხოლო ზოგიერთმა ამის შესახებ არ იცოდა. თუმცა, არცერთ მათგანმა არ იცოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. ახალქალაქში ზოგიერთი სასტუმრო უკვე ემზადება მუშაობის განახლებისთვის.

ახალქალაქის მერის წარმომადგენლის, არმენ მარანგოზიანის თქმით, სპეციალურმა კომისიამ უნდა შეამოწმოს, სასტუმრო აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას თუ არა, მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ მუშაობის უფლებას.

“მფლობელები, თავდაპირველად, უნდა დარეგისტრირდნენ. იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, კომისია რეკომენდაციებს მისცემს”, – ამბობს არმენ მარანგოზიანი.

მისივე თქმით, სასტუმრო მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს, დეზინფიცირებული უნდა იყოს ყველა ნომერი, სასტუმროში უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარი და პირბადეები.

სასტუმროს შესასვლელში ასევე უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, უნდა ჩაატარონ თერმოსქრინინგი, უზრუნველყონ დაწესებულების ბუნებრივი განიავება, ზედაპირებისთვის საკმარისი რაოდენობით სადეზინფექციო ხსნარები უნდა იქონიონ. ავეჯის ზედაპირები დღეში, არანაკლებ 3-ჯერ უნდა გაიწმინდოს; ადამიანების თავშეყრის ადგილებში აუცილებელია დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა, არანაკლებ 2 მეტრის დაშორებით; თვალსაჩინო ადგილას განათავსონ ინფორმაცია ვირუსის გავრცელებისგან დაცვის წესების შესახებ და ასე შემდეგ. დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ საქართველოს ხელისუფლების  საერთო  რეკომენდაციები  სასტუმროებისთვის და დახურული/ღია აუზებისთვის.