წელს ახალქალაქში ორმოების გარემონტების ტენდერი გამოცხადებული იყო ოთხჯერ, თუმცა კონკურსში მონაწილეების არარსებობის გამო ვერ შედგა. აღნიშნული ტენდერი 97 920 ლარით იყო გამოცხადებული.
ახალქალაქში ორმოების გარემონტებისა და თავისუფლების ქუჩის ბოლო მონაკვეთზე კაპიტალური გარემონტების (ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს, გზის დაახლოებით 58,6მ) ტენდერი მერიამ ოთხჯერ, 14 აგვისტოს, 26 აგვისტოს, 10 სექტემბერს და 25 სექტემბერს 97 920 ლარით გამოაცხადა. თუმცა, კონკურსში მონაწილეთა არარსებობის გამო ვერცერთი ვერ შედგა.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტუქტურის სპეციალისტის რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, იმის გამო, რომ მალე ზამთარი დგება, ტენდერი აღარ გამოცხადდება. მისი მტკიცებით, ორმოების გარემონტების ტენდერი მომავალ 2021 წელს იქნება გამოცხადებული.
“დანაზოგი თანხა ბიუჯეტში დარჩება. მომავალ წელს ტენდერს გამოვაცხადებთ, თუმცა უკვე სხვა თანხით”,- ამბობს ის.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო არავინ მონაწილეობა კონკურსში, მან გვიპასუხა: “ვერ გეტყვით, არავინ არც დარეკა და არც დაინტერესდა”.
ახალქალაქში ორმოების გარემონტების ტენდერი 2019 წელს საკმაოდ გვიან გამოცხადდა, მერია და შემსრულებელი ვერაფრით შეთანხმდნენ ჯერ კიდევ 2018 წლის რემონტთან დაკავშირებით. თუმცა, 2019 წლის მაისში მათ მოახერხეს შეთანხმება, და კომპანიამ 2018 წელს დარჩენილი სამუშაოები შეასრულა. 2018 წელს ახალქალაქში ორმოების გარემონტების ტენდერი გამოცხადებული იყო ორჯერ და ორივეჯერვე კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” მოიგო.
როდის გაარემონტებენ თავისუფლების ქუჩაზე არსებულ ორმოებს?