ორმოები ქალაქ ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების გზაჯვარედინზე, პირდაპირ შუქნიშანთან, ახალციხე-ახალქალაქის გზასთან (მდინარე კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე) ერთად გარემონტდება. თუმცა, კონკრეტულად როდის,  ჯერჯერობით უცნობია.

ღრმა ორმოები, რომლებიც თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების გზაჯვარედინზე დაახლოებით ერთი წლის წინ წარმოიქმნა, მძღოლებისთვის სახიფათოა და სხვა გამოსავალს არ ტოვებს, გარდა იმისა, რომ მძღოლმა, ან საგზაო მოძრაობის წესები უნდა დაარღვიოს და შემხვედრ ზოლზე გადასვიდეს,  რათა ორმოებს გვერდი აუქციოს, ან საკუთარი ავტომობილი დააზიანოს.

1

კომპანია “ჯავახ ავტო გზას” დირექტორის, ჯაბა ძირკვაძის თქმით, აღნიშნული ორმოების ასფალტირება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზეა დამოკიდებული.

“ამ საკითხს დეპარტამენტი აგვარებს, ისინი აპირებენ ამ გზის რეაბილიტაციას, მდინარე კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე”,- ამბობს ის.

როგორც JNEWS-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ახალციხე-ახალქალაქის გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ამავე  პროექტის ფარგლებში გარემონტდება ზემოაღნიშნული ორმოებიც. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადა-2 წელია, შესაბამისად, გაურკვეველია, ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტულად როდის გარემონტდება ორმოები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალციხე-ახალქალაქის გზის (მდინარე კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 6`638`460.00 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი მოიგო კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართვლო №1”-მა 5`744`000.00 ლარით.