უკვე რამდენიმე დღეა ქალაქ ახალქალაქის შემოსასვლელში ფედერალური მაგისტრალის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც გზას თურქეთში მიმავალ მაგისტრალთან აერთიანებს. საერთო ჯამში 2,5კმ სიგრძის გზა გარემონტდება.
აღნიშნული მონაკვეთის, 2,5კმ სიგრძის რემონტის ტენდერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 23 ივნისს, 2`686`610 ლარით გამოაცხადა. ტენდერი თავდაპირველი თანხით კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” მოიგო.
კომპანიის თანამშრომლის თქმით, სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება. ამჟამად დოკუმენტების მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.
სარემონტო სამუშაოების გამო ტრასპორტის გადაადგილება შეფერხებულია. იქ, სადაც ტექნიკა მუშაობს, მოძრაობა ცალმხრივია, ამიტომ ნაწილს უწევს ლოდინი, ვიდრე შემხვედრი მანქანა გაივლის.
ფედერალური გზის აღნიშნული მონაკვეთი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა და მძღოლებისათვის ნამდვილ განსაცდელს წარმოადგენდა.
წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ორი ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებას გეგმავს. პირველი პროექტი- “კორხის წყლის” ხიდიდან ახალქალაქამდე მიმავალი გზის 6კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია, მეორე- სომხეთში და თურქეთში მიმავალი გზების 2,5კმ სიგრძის გზის რეაბილიტაციაა, რომელიც ორ მაგისტრალს აერთიანებს.