ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საბავშვო ბაღი მალე გაიხსნება. ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ პერსონალის მიღებაზე ვაკანსიები უკვე გამოაცხადა. სოფელ ჩუნჩხის საბავშვო ბაღი არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ სოფელ პტენის პატარა მაცხოვრებლებსაც მიიღებს.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სოფელ ჩუნჩხის საბავშვო ბაღში მუშაობისათვის კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოაცხადა: მენეჯერი, აღმზრდელი, აღმზრდელის დამხმარე, მზარეული, მედდა, დამლაგებელი და დაცვა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატრიანის თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია არა გაუარესდება, საბავშვო ბაღები მუშაობას 1-ლი ოქტომბრიდან განაახლებენ.
“ჩვენ ახლა ვემზადებით, რათა 1-ლი ოქტომბრიდან მუშაობა განვაახლოთ, თუმცა ყველაფერი კორონავირუსზეა დამოკიდებული, ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია არ გაუარესდება”,- ამბობს ის.
დღესდღეობით ჩუნჩხასა და პტენაში სკოლამდელი ასაკის 25 ბავშვია, რომლებიც საბავშვო ბაღში ივლიან. თუმცა, ეს რიცხვი საბოლოო არ არის.
სოფელ ჩუნჩხისა და პტენის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდმა დააფინანსა. მშენებლობისათვის გამოიყო 246 800.00 ლარი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “შპს ლიკანი-200” ახორციელებს.
“რაც შეეხება სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღს, იქ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, როგორც კი დასრულდება სარემონტო სამუშაოები, გამოვაცხადებთ ვაკანსიებს”,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ანაიდა ასატრიანმა.
საერთო ჯამში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღი მოქმედებს, რომელთაგან 3- ალტერნატიულია.
სოფელ ჩუნჩხის ახალი საბავშვო ბაღი აპრილში გაიხსნება