ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება სოფელი ჩუნჩხის საბავშვო ბაღის გახსნას მიმდინარე 2020 წლის აპრილში გეგმავს.

საბავშვო ბაღის შენობა აშენებულია, თუმცა ჯერ ბავშვებს არ იღებენ. მიზეზი შენობის გათბობასთან დაკავშირებული პრობლემაა. გათბობის სისტემა ბუნებრივი აირით მუშაობს, სოფელში კი გაზი არ არის გაყვანილი.

“რადგან სოფელი არ არის გაზიფიცირებული, ხოლო საბავშვო ბაღი სხვა საწვავით ვერ იმუშავებს, ჩვენ ჯერ ვერ ვმუშაობთ”, – ამბობს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ანაიდა ასატრიანი.

2019-2021 წწ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუნჩხა და პტენა იქნება გაზიფიცირებული.

სოფელ ჩუნჩხის საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს არა მარტო საკუთარი სოფლიდან, არამედ სოფელი პტენიდანაც მიიღებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორ ანაიდა ასატრიანის თქმით, შენობა მზად არის და მალე გაიხსნება.

“მალე ავეჯის შეძენაზე ტენდერს გამოაცხადებენ, შევარჩევთ მომუშავეებს, ხოლო კვების საკითხი კვების საერთო ტენდერში არის შეტანილი”, – ამბობს ანაიდა ასატრიანი.

დღესდღეობით სოფელ ჩუნჩხასა და პტენაში ბაგა-ბაღის ასაკის 25 ბავშვია, რომლებიც ივლიან საბავშვო ბაღში. თუმცა, ეს რიცხვები არ არის საბოლოო.

სოფელი პტენისა და ჩუნჩხის საბავშვო ბაღის პროექტი “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდმა” დააფინანსა. შენობის ასაშენებლად 246 800.00 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები კომპანია შპს “ლიკანი-200-მა” შეასრულა.