სოფელ დიდი ხორენიას მოსახლეობა უკვე შეეგუა პრობლემებს. აქ ცხოვრება სავსეა სირთულეებით, როგორც კი ერთი პრობლემა მოგვარდება, სოფლის მოსახლეობა უკვე მეორეს აწყდება.
სულ რაღაც ორი წელია, რაც სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა, მოსახლეობის უმეტესობას უკვე აქვს აბაზანა და სველი წერტილი, მაგრამ ამან, თავის მხრივ, ახალი პრობლემები გამოიწვია. სოფლის ზოგიერთმა მცხოვრებმა კანალიზაცია მდინარეში ჩაუშვა, ზოგმა ორმო ამოთხარა, ზოგმა კი უბრალოდ თვითდინებაზე დატოვა.
„ზაფხულის ამ სიცხეში გაუსაძლისი სუნი დგას. ორმო მაინც გათხარონ, კანალიზაციასთან გავლა შეუძლებელია“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
მუდმივი სასმელი წყლის გაყვანამდე სოფლის მოსახლეობა ჭაბურღილის წყალს სვამდა, ახლა ჭები დაკეტილია.
სოფელ ხორენიას მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობიას მისდევს. სოფლის მეურნეობა მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა, მორწყვის პრობლემის გამო, ხალხი იძულებულია უარი თქვას წყლის კულტურების მოყვანაზე.
„საერთოდ არ გვაქვს მორწყვის საშუალება. „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით მიღებული თანხით ვცადეთ მეზობელი სოფლიდან წყალი შემოგვეყვანა, დაახლოებით 3 კილომეტრის სიგრძის მილსადენის გაყვანა დაგვჭირდა, ჩვენი თანხა 1 კილომეტრზე გვეყო და წყალი ვერ გავიყვანეთ სოფელში“, – განუხცადა Jnews-ს ხორენიაში მცხოვრებმა შაგენ გევორქიანმა.
სოფელ ხორენიას სპეციალისტის არკადი ფიდანიანის თქმით, მათ სოფელში დაახლოებით 280 ჰექტარი სახნავი მიწაა, საიდანაც 80 ჰექტარი არ ირწყვება. 2008 წელს სცადეს სოფელში სარწყავი წყლის გაყვანა, მაგრამ პროექტისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდათ.
„პროექტი დიდ ფულს საჭიროებს. ვერც სოფლის დახმარების პროგრამით ვერ განვახორციელებთ და ვერც მუნიციპალიტეტის დახმარებით, ეს უკვე ცენტრალური ხელისუფლების საკითხია, მაგრამ არ მგონია, რომ სახელმწიფომ ამდენი ფული ჩადოს 80 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად“, – განუცხადა Jnews-ს არკადი ფიდანიანმა.
სოფლის მოსახლეობის თქმით, მარცვლეულიდან შემოსავალი ძალიან დაბალია, ხოლო კარტოფილისთვის შესაფერისი პირობების არარსებობის გამო, მეზობელი სოფლის მიწას ქორაობენ.