გარე განათება, დანგრეული გზა, ელექტრო მავთულები, სასმელი წყალი… სოფელ ვაჩიანის მოსახლეობა სოფლის პრობლემებს ითვლის და იმედოვნებს, რომ ოდესღაც მათ მოაგვარებენ. სოფლის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ყველა პრობლემა თანდათან მოგვარდება.
ვაჩიანი ახალქალაქის რაიონის ერთ-ერთი დიდი სოფელია. მისი მოსახლეობა ძირითდად სოფლის მეურნეობითა და მიწათმოქმედებით არის დაკავებული, მაგრამ შემოსავლის ძირითადი წყარო უცხოეთია.
წყლის პრობლემა ვაჩიანში
სასმელი წყლის პრობლემა სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმთავრესია. საქმე იმაშია, რომ ცხელ ზაფხულში სოფლის ზედა ნაწილის მოსახლეობა უმეტესად წყლის გარეშე რჩება.
“ზაფხულის პერიოდში წყალი არ გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი პრობლემა- ნორმალური წყლის ქონაა. ჩვენ არ ვართ დამნაშავე, რომ აქ ვცხოვრობთ. ყოველ წელს იმედით ვხვდებით, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება, მაგრამ…”, – ამბობს სოფელ ვაჩიანის მცხოვრები, მარტინ ქეიანი.
ვაჩიანში წყალი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფითან მიედინება.
“წყალი ნორმალურად არ მოედინება, წყალი დილიფიდან ჩამოდის, მაგრამ ზაფხულში წყალი არავის აქვს. შეგიძლიათ აქცენტირება ამ პრობლემაზე გააკეთოთ? დეპუტატობის კანდიდატები სოფელში ჩამოდიან და მოსახლეობას ესაუბრებიან. გახსნილად ვაცხადებ, ხმას მივცემ იმას, ვინც სოფელის კეთილმოწყობით დაკავდება”, – ამატებს ვიკტორ ქეიანი.
ქალები უკმაყოფილონი არიან. მათ კანდიდატების დაპირებების არ სჯერათ.
“არავის მივცემ ხმას, ყოველთვის, როდესაც ისინი მოდიან, პირობას გვაძლევენ, მაგრამ არ ასრულებენ. დაპირებების 1% მაინც შეასრულონ, რათა ხალხს მისწრაფება გაუჩნდეს. ყოველი მეორე ოჯახი წასვლაზე ფიქრობს. კარგ ცხოვრებას არავინ გაურბის”, – ამბობს ბებია ვარდუში.
სოფელ ვაჩიანის წარმომადგენელი, ფიოდორ თოროსიანი ამტკიცებს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
“უწყლობა ჩვენი სოფლის სერიოზული პრობლემაა, ის სოფელ დილიფიდან მოედინება. წელს ჩვენ დილიფში ჩავატარეთ სამუშაოები, წყალსაცავი გავარემონტეთ, ამ დღეებში გარემონტებულ მონაკვეთს ძირითად ხაზს შევუერთებთ, წყლის მოცულობა დაახლოებით 30%-ით გაიზრდება. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ამის პრობლემა აღარ გვექნება”, – აღნიშნა მერიაში სოფლის წარმომადგენელი.
სოფლის გარე განათება
სოფელ ვაჩიანში გარე განათება მხოლოდ მთავარ სახელმწიფოთაშორისო გზაზე ანათებს.
“სოფელში არსად არის შუქი, შეხედეთ, სადმე არის განათება? ნახეთ, სადმე არის ნორმალური ბოძი? ელექტროგადამცემი გაზების ბოძები უკვე ძირს ეცემა, მაგრამ არავის აინტერესებს”, – ამბობს სოფელ ვაჩიანის მცხოვრები.
ელექტრონული სვეტების მდგომარეობასთან დაკავშირებით ფიოდორ თოროსიანმა თქვა: “მე, რასაკვირველია, პრობლემის შესახებ ვიცი, ელექტროგამანაწილებელ კომპანიას მივმართე. ველოდებით, ვნახოთ, რა მოხდება. ალბათ, იმდენი ფული არ აქვთ, რომ ყველაფერი ერთად გამოცვალონ”.
ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები ხის არის და ძალიან ძველია, ბევრი უკვე დალპა. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველი წვიმის შემდეგ სოფელში დენი ითიშება. ელექტროგადამცემი მავთულები კი სახიფათოა.
სოფლის წარმომადგენელი მერიაში ასევე ამბობს, რომ გარე განათება არსად არ არის, გარდა მთავარი გზისა.
“წელს მე მინდოდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თუნდაც, რამდენიმე ქუჩის გარე განათებისთვის გამოეყოთ თანხა, მაგრამ, რადგან წყალსაცავის პრობლემა არსებობს, ეს მომდევნო წლისთვის გადაიდო”, – ამბობს ფიოდორ თოროსიანი.
დანგრეული გზა
65 წლის ვიქტორი ყვება, რომ გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა მათთან სახლში ვერ მივიდა.
“სოფელში ნორმალური გზა არ არის, სასწრაფო დახმარება მოდის, მაგრამ ავადმყოფამდე ვერ აღწევს, შეხედეთ, როგორი გზაა, დიდი მანქანაც ვერ გაივლის აქ, მაგრამ ჩვენ ამ პირობებში ვცხოვრობთ”, – უკმაყოფილებას გამოხატავს სოფელ ვაჩიანის მცხოვრები.
2020 წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლებმა სოფლის შიდა გზები გაასწორებინეს და სტადიონის გარემონტებას გეგმავენ.