«საციგურაო მოედანი» სასაფლაოსთან კვლავ რჩება და აგრძელებს გაფართოებას და «ზრდას». გასულ კვირას მერიაში დაგვპირდნენ, რომ ყინულს მოაშორებდნენ ორშაბათს, ანუ 27 იანვარს.
თავისუფლების ქუჩის ბოლოს გაყინული საფარი წარმოიქმნა. ამის შედეგად ქუჩის ამ ნაწილში, მოსახვევზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა. თუ მძღოლები ყურადღებით არ იქნებიან, ისინი შეიძლება შეეჯახონ ერთმანეთს.
მუნიციპალიტეტის მოსახლება, რომელიც ამ გზას ხშირად იყენებს, ჩივის იმას, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელია.
წარმოქმნილი ყინულის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე გამუდმებით საცობები იქმნება.
იმისათვის, რომ გაყინულ საფარს გვერდი აარიდონ, ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე საპირისპირო მხარეს ან ტროტუარზე გადადიან და ამით ავარიულ სიტუაციებს ქმნიან.
მოსახლეობის თქმით, გაყინული საფარის ქვეშ დიდი და ღრმა ორმოებია, რის შედეგადაც წარმოიქმნა ყინული. ის დღითიდღე სიგანეში იზრდება, რადგან შუადღისას, როდესაც ყინული ცოტათი დნება, წყალი ვრცელდება და საღამოს ყინულის სიგანე მატულობს.
თოვლისგან ქუჩების დასუფთავების ტენდერი კომპანია «ჯავახ ავტო გზამ» მოიგო. კომპანია «ჯავახ ავტო გზის» დირექტორმა ჯაბა ძირკვაძემ 22 იანვარს განაცხადა, რომ კომპანია ამ საკითხს რაც შეიძლება მალე მოაგვარებდა.
თუმცა, 24 იანვარს მან მოგვახსენა, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგან ტენდერის დოკუმენტაციაში ექსკავატორის სამუშაოები არ არის გათვალისწინებული.
«ჩვენ ვნახეთ მონაკვეთი, გრეიდერი ყინულს ვერ დაასუფთავებს, ამისათვის საჭიროა ექსკავატორი, რაც ჩვენს მოვალეობას არ წარმოადგენს»,- ამბობს ჯაბა ძირკვაძე.
24 იანვარს მერიაში გვითხრეს, რომ მათ ესაუბრეს კომპანია «ჯავახ ავტო გზის» დირექტორს, ჯაბა ძირკვაძეს და ის დაპირდა, რომ ორშაბათს (27 იანვარს) ამ საკითხს მოაგვარებენ.
მერიის თანამშრომლებმა თქვეს, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებას პირადად გააკონტროლებენ. მიუხედავად ამისა სასაფლაოსთან «საციგურაო მოედანი» მხოლოდ ფართოვდება.