საპროტესტო აქციების ოთხივე დღის განმავლობაში ძალადობრივი ქმედებების, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით 224 ადამიანი დააკავეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით კი სამი პირია დაკავებული.ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი. დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა, 34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.
დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება.
მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი პირი: 2007 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 2003 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
„როგორც ცნობილია, დღესაც, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია საპროტესტო აქციები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ – აღნიშნულია განცხადებაში.