ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ორი დღის განმავლობაში ძლიერმა თოვლმა სოფლის გზების ნაწილი გაართულა ან გაუვალი გახადა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ გზებზე კომპანია „ჯავახავტო გზა“ უკვე მუშაობს, რომელსაც გზის თოვლისგან გაწმენდა ევალება.
ჯავახეთში უხვი ნალექით ნამდვილი ზამთარი დადგა. შპს „ჯავახავტოგზა“, რომელმაც სოფლის გზების თოვლისგან გაწმენდის ტენდერში ჯერ კიდევ 2023 წელს გაიმარჯვა, მერიაში აცხადებენ, რომ თავის მოვალეობებზე უკვე ზრუნავენ.
მერიის ინფორმაციით, გზები არ არის გადაკეტილი, თუმცა დასუფთავების საჭიროება არის.
„ახლა გრეიდერი სოფელ გოგაშენში ასუფთავებს გზას, ჩუნჩხა-პტენაში გზა უკვე გაწმენდილია. ტრაქტორმა სოფელ მერენიის გზა გაწმინდა და სოფელ დიდი და პატარა სამსარისკენ მიემართება. აბულშიც არის გზებზე სირთულეები, გრეიდერს ველოდებით, რომ მოვიდეს ნინოწმინდიდან და ამ მიმართულებით წავიდეს. მაღალ მანქანებს შეუძლიათ გავლა, მაგრამ გზებს გაწმენდა ესაჭიროება“, – თქვეს ახალქალაქის მერიიდან.
შპს “ჯავახავტო გზამ”, შეთანხმების მიხედვით, გზები თოვლისგან წლის ბოლომდე უნდა გაწმინდოს, შემდეგ კი მერია 2025 წლისთვის სოფლის გზების გაწმენდაზე ტენდერს კვლავ გამოაცხადებს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ მიზნისთვის ახალქალაქის მერიამ 100 000 ლარი გამოყო.