ინგლისური ენის ცოდნის ყოველწლიური ინდექსის (English Proficiency Index) მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს 116 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზე, ხოლო ევროპის 35 ქვეყნის ჩამონათვალში 24-ე პოზიციაზეა.

რეიტინგი 116 ქვეყნის 2,1 მილიონი ზრდასრული ადამიანის შედეგებს ეფუძნება, რომლებმაც ინგლისურ ენაში სტანდარტული EF-ტესტები ჩააბარეს. თითოეულ ქვეყანას რეიტინგი შესაძლო 800 ქულიდან მიენიჭა.

საქართველომ, მსოფლიოს 477-ქულიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 543 ქულა დააგროვა და კვლავ მესამე, ანუ საშუალო კომპეტენციის კატეგორიაშია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 541-ქულიან მაჩვენებელთან შედარებით, წელს ქვეყნის მონაცემი 2 ქულით გაუმჯობესდა.

ქალაქების მიხედვით, საქართველოში 800 ქულიდან თბილისმა 556, ხოლო ბათუმმა 540 ქულა დააგროვა.

საქართველოში ინგლისური ენის ცოდნის ასაკობრივი ტენდენცია ასეთია (800 ქულიდან):

  • 18-20 წლის – 520 ქულა (2023 წელს 525 ქულა)
  • 21-25 წლის – 548 ქულა (ანალოგიური 548)
  • 26-30 წლის – 544 ქულა (531)
  • 31-40 წლის – 532 ქულა (538)
  • 41+ წლის – 489 ქულა (508)

გენდერული თვალსაზრისით, ქართველ მამაკაცებს, ქალებთან შედარებით, უკეთესი შედეგი აქვთ. კერძოდ, ინგლისური ენის ცოდნის მხრივ წელს მამაკაცებმა 800 ქულიდან 555, ქალებმა კი 531 ქულა დააგროვეს. 2023 წელს ეს მაჩვენებელი მამაკაცებში, ასევე, მაღალი იყო და 553 ქულას, ქალებში კი 534-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ქალები ინგლისურში მამაკაცებს ბევრად სჯობნიდნენ მხოლოდ 2018 წელს (508 ქულა 481-ის წინააღმდეგ), ბოლოს კი 2020 წელს, როცა მათი უპირატესობა უმნიშვნელო იყო (505 ქულა 502-ის წინააღმდეგ).

მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან ინგლისური ენის ცოდნით საქართველო ყველა ქვეყანას უსწრებს. კერძოდ, სომხეთი 537 ქულით 38-ე ადგილზეა და, საქართველოს მსგავსად, საშუალო კომპეტენციის მესამე კატეგორიაშია. ამავე კატეგორიაშია უკრაინა (535 ქულა, მე-40 ადგილი) და რუსეთი (532 ქულა, 44-ე ადგილი).

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანა 497 ქულით 65-ე ადგილზე და დაბალი კომპეტენციის მეოთხე კატეგორიაშია. ამავე კატეგორიაში უარესი მაჩვენებლით არის აზერბაიჯანი, რომელიც 462 ქულით 86-ე ადგილზეა.

ინგლისური ენის მეტად მაღალი კომპეტენციის პირველ კატეგორიაში სულ ცხრა ქვეყანა მოხვდა. კერძოდ, წლევანდელი რეიტინგის სათავეში, 2023 წლის მსგავსად, ნიდერლანდებია, რომლის მცხოვრებლებმა ინგლისური ენის ცოდნის საერთო დონით 636 ქულა დააგროვეს. შარშანდელი მეხუთე ადგილიდან მეორე ადგილზე დაწინაურდა ნორვეგია (610 ქულა), ხოლო მესამეზე სინგაპურია (609 ქულა), რომელიც ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. შემდეგ მოდის შვედეთი (608), ხორვატია (607), პორტუგალია (605), დანია (603), საბერძნეთი (602) და ავსტრია (600).