კუმურდოში ტაძრის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში განახლდა და მანამ გაგრძელდება, სანამ ბუნებრივი პირობები მისცემს ამის საშუალებას. თუმცა სამუშაოების სრულ დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო.
კუმურდოში სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს Facebook გვერდზე 11 აგვისტოს განახლდა, თუმცა წერია იგივე რაც წინა ჯერზე, ივნისის დასაწყისში.
ამგვარად, სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად კუმურდოს საკათედრო ტაძრის რესტავრაციის მეექვსე ეტაპი მიმდინარეობს. 2016 წლიდან რესტავრაციას ფონდი „ქართუ“ ახორციელებს, 2023 წლიდან კი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო. მიმდინარე ეტაპობრივი სამუშაოებისთვის სააგენტომ 836 536 ლარი გამოყო. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “არქიტექსი” ახორციელებს. წინა სამუშაოებზე ფონდმა „ქართუმ“ 1 878 637 ლარი დახარჯა.
„ამჟამად ლორფინით დასავლეთ ფრთაზე ჰიდროსაიზოლაციო ფენისა და სახურავის დამცავი ფენის დამონტაჟება მიმდინარეობს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მკლავების კუთხეებში დეკორატიული, რთული არქიტექტურული დეტალების აღდგენა სრულდება.
დასავლეთი ნაწილის სამხრეთ მხარეს კარნიზის რესტავრაცია დასრულდა, დაიგო ჰიდროსაიზოლაციო ფენა და მიმდინარეობს ლორფინის შემოღობვის დამონტაჟება, ხოლო დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ მხარეს კარნიზის აღდგენის სამუშაოები. რის შემდეგაც ჰიდროსაიზოლაციო ფენის დაგება და ლორფინის დამცავი ფენის დამონტაჟებაზე მუშაობა დაიწყება“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ადგილზე მომუშავე მშენებლებმა Jnews-თან საუბარში აღნიშნეს, რომ მუშაობას მანამ გააგრძელებენ, სანამ ამინდის პირობები მისცემს საშუალებას და შემდგომი სამუშაოები მომავალ წელს გაგრძელდება.
აღვნიშნავთ, რომ Jnews-თან წინა საუბარში სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის, “არკიტექსის” წარმომადგენელმა თქვა, რომ სექტემბრის შემდეგ სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდება, თუმცა დღესდღეობით სააგენტოს მხრიდან კუმურდოს ტაძართან დაკავშირებით ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა.
აღსანიშნავია, რომ Jnews-ი არაერთხელ შეეხო ამ თემას და არაერთხელ მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ჩვენი წერილები უპასუხოდ დარჩა.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: