გასული წელი, რბილად რომ ვთქვათ, არახელსაყრელი აღმოჩნდა კარტოფილის მწარმოებლებისთვის, ვინაიდან თესვის დროს ბევრი პრობლემა გაჩნდა, მაგრამ ამან ხალხს წელს კარტოფილის დათესვაში ხელი არ შეუშალა. ფერმერების თქმით,წელს კარტოფილის მოსავალი უპრეცედენტოდ მაღალია .
2023 წელს ფერმერებს მრავალი პრობლემა შეექმნათ – დაწყებული დაავადებებიდან რეალიზაციის სირთულეებით დამთავრებული, ზოგიერთ სოფელში ხალხს კარტოფილის თვითღირებულებით გაყიდვის შესაძლებლობის გარეშე ტონობით კარტოფილის გადაყრა მოუწია. მაგრამ წელს სხვა სურათია, ხოლო უხვ მოსავალს ამინდის პირობებმა და ფერმერების კომპეტენტურმა მიდგომამ შეუწყო ხელი.
Jnews-ი ესაუბრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზრესის ფერმერს, ეღიშ აგაჯანიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ წლევანდელი მოსავალი არა მხოლოდ ბევრია, არამედ ხარისხითაც კარგია, და ამ დროისთვის ერთადერთი პრობლემა მოსავლის რეალიზაციაა.
„ერთადერთი პრობლემა – გაყიდვები და ფასების ვარდნა, ამჟამად 45-50 თეთრად ვყიდით, მუშებს კი 70-80 ლარს ვუხდით, მოსავალი კარგია, მხოლოდ რეალიზაციაზე ვფიქრობთ“, – ამბობს ის.
სოფელ ორჯადან ველიხან ჰარუთუნიანმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ კარტოფილის მოსავლიანობა წელს მაღალია.
„თუ სხვა ქვეყნებიდან არ შემოიტანენ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვას ხელსაყრელ ფასად, სოფელში ჯერ ბევრი მყიდველი არ არის, მოსახლეობა კარტოფილს ადგილზე 50-55 თეთრად ყიდის“, – ამბობს ის.
კიდევ ერთმა ფერმერმა, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობს, რომ შარშან დაავადების გამო მისი მოსავალი უხარისხო იყო რაოდენობრივად და ხარისხობრივად, ხოლო წელს პირიქითაა. მისი თქმით, წელს მან სულ რაღაც 50 მეასედიდან იმდენი მოსავალი მიიღო, რამდენიც შარშან 2,50 ჰექტარიდან.