ახალქალაქის მერიამ ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ძველი ხშირად გამოდის წყობიდან და ქალაქის მცხოვრებლებს უხერხულობას უქმნის.

ახალ ქსელზე ტენდერი 10 სექტემბერს გამოცხადდა, შეთავაზებების მიღება 23 სექტემბერს დასრულდება. ტენდერის თავდაპირველი თანხა 207 825 ლარს შეადგენს.

„დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი საკანალიზაციო ქსელი უნდა დამონტაჟდეს, არის ძველი, რომელიც ამ ეტაპზე ამორტიზებულია და მოსახლეობას არაერთ პრობლემას უქმნის. პროექტი ახალი საკანალიზაციო ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. დაიგება ახალი საკანალიზაციო მილები 110 მმ-დან 300 მმ-მდე, მილების საერთო სიგრძით 1130 მეტრი. მილების გარშემო გაკეთდება ქვიშის ბალიში, ხოლო დარჩენილი თხრილი შეივსება ქვიშა-ხრეშის ნარევით, რათა ტერიტორია დაბინძურდეს, ასევე, გამოიცვლება მილები საცხოვრებელი კორპუსების კედლებამდე და კედლებიდან ჭაბურღილამდე“, – ნათქვამია ტენდერში.

ქალაქის მოსახლეობის თქმით, ამ უბანში სანიაღვრე სისტემა ხშირად იკეტება, რის გამოც კანალიზაციის გასაწმენდად ხშირად უწევთ ტექნიკის გამოძახება.