ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ფარავანისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია ახალგაზრდული ცენტრის აქტიური საქმიანობაა, რომელმაც მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო და სოფლის ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდ სცენარს ბავშვები ახალგაზრდული ცენტრის პროექტების შეწყვეტაში ხედავენ.

ფარავნის ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად ახორციელებს ევროპულ და ამერიკულ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ადგილობრივ ბავშვებს, რაც მათ საშუალებას აძლევს გააფართოონ თავიანთი ცოდნა და უნარები.

Jnews-ი ესაუბრა ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელს და ცენტრის გადაცემების აქტიურ მონაწილეს. გთავაზობთ ვიდეო მასალას.

პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის 25-ზე მეტმა ბავშვმა გაიარა ტრენინგი ქართულ ენასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მათ ასევე მოინახულეს თბილისის თეატრები და მუზეუმები, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა მათი კულტურული გამოცდილება.

ეს პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ პიროვნულ განვითარებას, მათთვის ახალი ჰორიზონტებისა და შესაძლებლობების გახსნას. გრანტებისა და მხარდაჭერის წყალობით სოფელმა შეძლო გაეუმჯობესებინა ბავშვებთან მუშაობისას გამოყენებული სასწავლო სივრცე და რესურსები.

შუშან მკრტჩიანი არის ამ ცენტრის სტუდენტი, ასევე აქტივობების თანაორგანიზატორი.
„სოფლის ბავშვებმა ამ პროგრამის დახმარებით შეძლეს ცოდნის მიღება როგორც ქართულ ენაში, ასევე სხვა თემებში. თუ ასეთი პროგრამები გაგრძელდება, სხვადასხვა გრანტებით უფრო მეტს მივაღწევთ, შევძლებთ ჩვენი სივრცისა და რესურსების გაუმჯობესებას. ამ პროექტების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება, რადგან ყოველი დასრულებული პროექტი ბავშვებში ტოვებს იმის განცდას, რომ ისინი ხელიდან კარგავენ თვითგანვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს”.

მასალის ავტორები:
ანაიდ ზალალიან
ბორის ღარსლიან