სომხეთი-საქართველოს საზღვარზე ბავრა-ნინოწმინდის გამშვებ პუნქტთან მიმავალ სახელმწიფოთაშორის გზაზე კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის M-1 „ერევანი-გიუმრი-სახელმწიფო საზღვარი“ 160+200 კმ და 171+700 კმ მონაკვეთის კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. გზის 11,5 კმ სიგრძის მონაკვეთი, რომელიც კაპიტალური გარემონტების პროცესშია, გადის შირაქის რაიონში – აშოცკიდან ბავრამდე (გამშვები პუნქტი).
„რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო. ამჟამად ასფალტბეტონის შიდა ფენა მთლიანად დაგებულია, ზედა ფენა კი 4,8 კმ-იან მონაკვეთზე. დარჩენილ მონაკვეთებში გრძელდება ზედა ფენის დამონტაჟებაზე მუშაობა, მიმდინარეობს გვერდების შევსება. ასფალტის მოწყობის შემდეგ გზა უსაფრთხოების ელემენტებით აღიჭურვება. სამუშაოების დასრულება შემოდგომაზე იგეგმება“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ სამშენებლო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ 338 მილიონი დრამია. კაპიტალური რემონტი ხორციელდება სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.