ახალქალაქში საზოგადოებრივი ფართების არასათანადო გამოყენების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე სათამაშო მოედნებსა და პარკებში რაღაც მუდმივად ზიანდება და დიდხანს რჩება ამ მდგომარეობაში. Jnews-ი კვლავ მიუბრუნდა ამ საკითხს იმის გასარკვევად, თუ რა ზომების მიღებას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება მის მოსაგვარებლად.

10 ივნისს Jnews-მა ხას ბახჩას ცენტრალურ პარკში მოედნის დაზიანების შესახებ დაწერა, რის შემდეგაც სერვისცენტრმა მოედნის მდგომარეობა ნაწილობრივ გამოასწორა.

თუმცა, ამის მიუხედავად, თვენახევრის შემდეგ მოედანი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. აღვნიშნავთ, რომ სისტემური მიზეზების გარდა, ეს გამოწვეულია მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებითაც, რომლებიც სათამაშო მოედანს არამიზნობრივად იყენებენ.

ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა Jnews-თან საუბარში თქვა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მომუშავეებს 1-2 დღეში გაგზავნის.

„ჩემი მომუშავეები ახლა ქალაქში არიან, სადარბაზოებთან ტერიტორიებს თიბავენ, ბალახი ხალხის სიმაღლე იყო. ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, დაასრულებენ და პარკში გავუშვებ”,- თქვა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ პარკებისა და სკვერების მოვლაზე პასუხისმგებელი შტატის გახსნის საკითხი, რომელიც ერთხელ საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა, არ განვითარდა. ამ პასუხისმგებლობისთვის ცალკე შტატი არ არის, მაგრამ ზოგადად პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა ახალქალაქის სერვის ცენტრის პასუხისმგებლობაა.

kacheli2

Jnews-ი ასევე დაინტერესდა, რატომ არ ფუნქციონირებს პარკში ერთი წლის წინ დამონტაჟებული ატრაქციონი. ამასთან დაკავშირებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა თქვა, რომ ატრაქციონი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის და მერია მას ვერ გამოიყენებს.

„ეს ატრაქციონი მუნიციპალიტეტს კომპანიამ აჩუქა, რომელმაც ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის (“განახლებული მუნიციპალიტეტების” პროგრამის ფარგლებში) სამუშაოები ჩაატარა და ეს ატრაქციონი ჩვენს ბალანსზე არ არის ჩარიცხული, ამიტომ ვერაფერს გავაკეთებთ, უბრალოდ ვერ ჩავრთავთ. როდესაც ჩვენს ბალანსზე გადავიფორმებთ, გვინდა ვიქირაოთ, რომ ვინმემ შეიტანოს ექსპლუატაციაში”,- კომენტარი გააკეთა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად არ იგეგმება ახალი შტატის შექმნა იმ მომუშავისთვის, რომელიც პარკების მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს.

„როგორც ვიცი, ამისთვის ცალკე შტატი არ იქნება გამოყოფილი. ზოგადად, სერვის ცენტრის და ქალაქის სპეციალისტების მოვალეობებში შედის პარკების მდგომარეობის მონიტორინგი”,- თქვა ფამბუხჩიანმა.