აბული-კარტიკამის ბეტონის გზის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება. ამ გზის მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობს: გზის 4 კილომეტრი გასულ წელს აშენდა, დარჩენილი 2,3 კილომეტრი წელს შენდება.
აბული-კარტიკამის გზის 4 კმ 48 მ მონაკვეთი 2023 წელს აშენდა, რისთვისაც 1 165 024 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯავახავტოგზა“ ახორციელებდა. წელს კი გზის მონაკვეთის დარჩენილ 2 კმ 244 მ-ზე 1 298 300 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ახორციელებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
JNEWS-ის კითხვაზე შორეულ და მაღალმთიან სოფელ აბულში მიმავალი გზის მშენებლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა გვიპასუხა:
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პროექტი, რომელიც რეალობად იქცა. მოგეხსენებათ, აბულიდან კარტიკამის მიმართულებით გზის მშენებლობის პირველი ეტაპი შარშან დავიწყეთ. წელს კონკურსის მეორე ეტაპის გამოცხადება შევძელით. მთლიანი პროექტი შემოდგომისთვის დასრულდება.
სამუშაოები აქტიურ სტადიაზეა, თუ ამინდი იქნება ხელსაყრელი, ანუ წვიმა ან ძლიერი ქარი არ იქნება, მაშინ მშენებლები სამუშაოს დასრულებას დაახლოებით ერთ თვეში შეძლებენ. ფაქტობრივად, აბულიდან კარტიკამის ხიდამდე მივაღწევთ, სოფელ კარტიკამში კი ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ვაშენებთ გზას, რომლის მშენებლობაც დაწყებულია“.
ასევე წაიკითხეთ:
აღვნიშნავთ, რომ ახლად აშენებულ გზას აბულის მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს არის სოფლის ქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა.
ზამთარში, დიდთოვლობის დროს, სოფლისკენ მიმავალი გზა ხშირად იკეტებოდა, დაახლოებითი მონაცემებით, 500 ადამიანი ბლოკადაში რჩებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანებს და ტაქსის მძღოლებს აბულამდე მისვლა უჭირდათ.
ამ და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით სოფელში აქტიურობა შეინიშნება, რაც ბუნებრივია სოფლის ცხოვრებასაც ააქტიურებს.
ფოტო ახალქალაქის მერიის Facebook გვერდიდან.