აბულ-კარტიკამის 4-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები სრულდება. აბულ-კარტიკამის გზა ორ ეტაპად შენდება, დანარჩენი გზის, დაახლოებით, 2,5 კმ-ის მშენებლობა მომავალ წელს იგეგმება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდა ბეტონის გზა. სოფლის მოსახლეობა მალე შეზღუდვის გარეშე გადაადგილებას შეძლებს.
აბულ-კარტიკამ 4 კმ 048 მ მონაკვეთზე შენდება რკინაბეტონის საფარი. პროექტი რეგიონული ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 165 024 ლარს შეადგენს.
„გზის სამშენებლო სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო, რის შედეგადაც აშენდა გზის 4 კილომეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიგანის ბეტონის მონაკვეთი. ეს გზა ჩვენს სოფელს განვითარებას მოუტანს, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა ჩვენს სოფელში“, – განმარტა ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა სამველ ღარახრხზიანმა და დასძინა, რომ სამუშაოებს საგზაო მშენებელი კომპანია „ჯავახ ავთოგზა“ ახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ ახლად აშენებული გზა აბულელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს სოფელს ქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
ზამთარში, დიდთოვლიანობის გამო, სოფლისკენ მიმავალი გზა ხშირად იკეტებოდა და დაახლოებით 500-მდე ადამიანი იყო ჩარჩენილი. სასწრაფო დახმარების მანქანებს და ტაქსის მძღოლებს აბულამდე მისვლაც ყოველთვის უჭირდათ.
ამ და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით სოფელში შეინიშნება გააქტიურება, რაც ბუნებრივია, სოფლის ცხოვრებასაც ააქტიურებს.