29.06.2024
ნახვები: 142 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილების ფარგლებში განისაზღვრა სამუშაო, რომელიც მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს. ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა 780 974 ლარის ოდენობით, საიდანაც მთავრობამ 200 000 ლარი გამოყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, 25 ივნისს, ახალქალაქის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა კარენ მერგელიანმა თქვა, რომ მთავრობამ მუნიციპალიტეტს ფინანსური დოკუმენტაციის კარგად მომზადების წახალისების სახით 200 000 ლარი გამოუყო. მაისის ცვლილების შემდეგ ბიუჯეტში ბალანსი 580 974 ლარი იყო. შესაბამისად, მერიამ ხარჯები 780 974 ლარამდე დაგეგმა.
ეს თანხა მიმართული იქნება შემდეგ ხარჯებზე:
- შოთა რუსთაველის პარკის კეთილმოწყობა. საანგარიშო-საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, 168 004 ლარია საჭირო, მუნიციპალიტეტმა ადრე 45 000 ლარი გამოყო, აღნიშნული შესწორების ფარგლებში 123 004 ლარს ამატებს.
- N3 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. საპროექტო-საანგარიშო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს ღირებულება იქნება 262 121 ლარი, მანამდე გამოიყო 150 000 ლარი, ემატება 112 121 ლარი.
- თავისუფლების ქუჩაზე N70 შენობის ფასადის რეაბილიტაცია. პროექტის სამუშაოების ჯამური მოცულობა 248 898 ლარს შეადგენს, მანამდე 100 000 ლარი იყო გამოყოფილი, ემატება 148 898 ლარი.
- სარგსიანის ქუჩაზე ავასის პარკის რეაბილიტაცია (ატრაქციონების, ფანჩატურის მონტაჟი). მანამდე 80 000 ლარი იყო გამოყოფილი, პროექტის ღირებულება 328 057 ლარს შეადგენს, ბიუჯეტში ბოლო ცვლილებების ფარგლებში 245 057 ლარი დაემატა.
- მალხასიანის ქუჩაზე (სპორტკომპლექსის გვერდით) ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 32 742 ლარია.
- ახალქალაქის კულტურის სახლის შენობის სახურავის ნაწილობრივი რემონტი, რისთვისაც 4540 ლარი გამოიყო.
- ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისთვის 1000 ლარია გამოყოფილი.
- სპორტული ინვენტარის შესაძენად და სოფლებში დარიგებისთვის 55 765 ლარი გამოიყო.
- 10 000 ლარი – გადაეცა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს C ჰეპატიტის სამკურნალოდ.
- მერიის ადმინისტრაციამ სამსახურებრივი მანქანის გარემონტებისთვის 615 ლარი მოითხოვა.
- ასევე 39 692 ლარი დაემატა სამ სოფელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გამოყოფილ თანხებს.
- 30 ივნისს ჯივანის დღის აღსანიშნავად 3000 ლარია გამოყოფილი.