23 და 24 აპრილს, ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში, სპეციალური სკრინინგ ცენტრი ქალებს სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით, უფასო მამოგრაფიულ გამოკვლევას ჩაატარებს. წინასწარი ჩაწერა არ არის საჭირო. გასინჯვის მსურველ ქალებს 23 და 24 აპრილს 10:00 საათიდან შეუძლიათ საავადმყოფოს ეზოში მისვლა.
რისკის ქვეშ არიან 40 წელზე უფროსი ასაკის ქალები. ამიტომ, სპეციალისტები რეკომენდაციას გვიწევენ ვისარგებლოთ შემთხვევით და გავიაროთ გამოკვლევა, თუ ეჭვი გვეპარებათ სარძევე ჯირკვლების ჯანმრთელობაზე, ან უბრალოდ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
მამოგრაფია არის გამოკვლევის გარკვეული სახეობა, რომელიც ქალის მკერდის შესამოწმებლად დაბალი დოზით რენტგენის სისტემებს იყენებს. მამოგრაფიული სკრინინგი, რომელსაც ხშირად უბრალოდ მამოგრაფიას უწოდებენ, ქალებში სარძევე ჯირკვლის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ კიბოს გამოვლენისა და პრევენციის მიზნით სკრინინგი სახელმწიფო პროგრამაა. თბილისის სკრინინგ ცენტრებში სარძევე ჯირკვლების და საშვილოსნოს უფასო გამოკვლევა ტარდება. ახალქალაქში აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის მიზნით, სკრინინგ-ცენტრი აქ ჩამოდის.