24 მარტს, წმინდა აღდგომის წინა კვირას, სომხური სამოციქულო წმიდა ეკლესია ზეიმობს წახკაზარდს (ბზობის კვირას), რომელიც იესო ქრისტეს იერუსალიმში ტრიუმფალური შესვლის სიმბოლოა. დღესასწაულთან დაკავშირებით, სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში წმიდა და უკვდავი ლიტურგია აღევლინა.
თბილისში წმინდა გევორგის საკათედრო ტაძრის და წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიის ეზოებში დილით ადრე ხალხმრავლობა იყო. ხალხი დიდი შთაგონებით ულოცავდა ერთმანეთს დღესასწაულს და ბზის ასაღებად ჩქარობდა.
მორწმუნეები ხალისიანად მოდიოდნენ, რათა უფალი იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლაში მონაწილეობა მიეღოთ. მთელი დღის განმავლობაში ხალხის ნაკადი ეკლესიებში არ წყდებოდა. ბზის ტოტები სულიერმა მამებმა აკურთხეს და ხალხს დაურიგეს, რადგან გვირგვინებისა და ტოტების ჩუქება განსაკუთრებული პატივისა და ზეიმობის სიმბოლოა.
ეკლესიების ეზოებში სხვადასხვა სახის ხის ტოტები იყო, რომლებსაც ხალხი ყიდულობდა და თან მიჰქონდა ეკლესიაში.
ტაძრის საკურთხეველი მორთული იყო ბზისა და პალმის ტოტებით, რაც დღესასწაულის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს.
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის უზენაესი პატრიარქისა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის უმაღლესი ბრძანებით, წახკაზარდის დღე შვილთა კურთხევის დღედ გამოცხადდა.
განსაკუთრებით ბევრი ბავშვი იყო – ჩვილები და სკოლის ასაკის ბავშვები, რომლებიც მოვიდნენ ცერემონიაზე დასასწრებად და ყოვლისშემძლე კურთხევის მისაღებად. ტაძარში წირვის დასასრულს მღვდელმსახურებმა შვილების კურთხევა აღასრულეს.