ახალქალაქის ქუჩის მოვაჭრეები სურსათის ბაზრის შიგნით გადასვლაზე კვლავ უარს ამბობენ. ისინი ნალბანდიანის ქუჩაზე ვაჭრობენ. დროდადრო გამყიდველები ავსებენ მთელ ქუჩას, განსაკუთრებით დღესასწაულებზე – ახალ წელს, აღდგომას და შემდეგ დახლები ისევ კომპაქტურად ტროტუარზე გადააქვთ.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი აღნიშნავს, რომ ახალი წლის შემდეგ და დღემდე ვაჭრები ქუჩას არ იკავებენ და კომპაქტურად ტროტუარზე მოთავსებას ცდილობენ. მათ ბაზრის შიგნით გადასვლა სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურთ.
„ჩვენ მუდმივად, ყოველთვიურად გვაქვს ერთი და იგივე პრობლემა. მაქსიმალურ სამუშაოს ვასრულებთ, რომ ნალბანდიანის ქუჩა იყოს ღია. არის ხალხი, ვისაც აქვს საკუთარი მაღაზიები, სარგებლობენ მაღაზიების წინ მდებარე ტროტუარით. თუ ადრე ამბობდნენ, რომ ბაზარში ადგილი არ არის, მაშინ ახლა არის ადგილი. ყველას თავისი პირადი მიზეზები აქვს. მოვაჭრეები მოდიან, ამბობენ, რომ ეს მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა, მათ მდგომარეობას გვიხსნიან. სიტუაცია ძალიან რთულია, ჩვენც ვცდილობთ გავუგოთ. მაგრამ ზოგადად, ჩვენი შეთანხმება, რომ ქუჩა თავისუფალი იყოს, იგივე რჩება“, – კომენტარი გააკეთა მაკარიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერია საავტომობილო გზაზე გადასული მოვაჭრეების დაჯარიმების დაწყებას აპირებდა, საბოლოოდ არავინ არ დაჯარიმებულა, მხოლოდ გაფრთხილება გაკეთდა.
ბაზრის მაკონტროლებელი რაფო მნაცაკანიანი, თავის მხრივ, ამატებს, რომ ბაზარში ყველა პირობაა შექმნილი მოვაჭრეების კომფორტისთვის.
„ბაზარი ყოველთვის ღიაა, ნებისმიერ მოვაჭრეს შეუძლია ნებისმიერ დროს შევიდეს, განათავსოს თავისი საქონელი და გაყიდოს. ჩვენ ყოველთვის ვასუფთავებთ, დეზინფექციას ვაკეთებთ, ვქმნით ყველა პირობას, მაგრამ მათ მაინც არ სურთ“, – კიმენტარი გააკეთა მან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუჩური ვაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა.