სოფელ ხორენიაში ხიდის რეაბილიტაციისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 432 203 ლარი გამოიყო. ხიდი დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაში იყო. წელს ხიდის საძირკველი გამაგრდება და საფარი გარემონტდება.
სოფელ ხორენიას ხიდი 1962 წელს აშენდა და არცერთხელ არ გარემონტებულა. მოსახლეობა შიშობდა, რომ ერთ დღეს ხიდი ჩამოინგრევა. რადგან ხიდის ცუდი მდგომარეობის მიუხედავად, მასზე სატვირთო მანქანები გადიან, კარიერებიდან ქვიშას ზიდავენ და ამძიმებენ ერთადერთი გზის მდგომარეობას, რომელიც დიდ ხორენიას დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებს.
ხორენიას მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ უჩივლა და ხიდის გარემონტება სთხოვა. სოფელ ხორენიას ხიდის ავარიულ მდგომარეობას Jnews-მა არაერთხელ მიაქცია ყურადღება.
სოფლის მოსახლეობის თქმით, ხიდი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან სავალი ნაწილის საშინელ მდგომარეობასთან ერთად, საძირკველიც ინგრევა.
თებერვალში, 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ხორენიას ხიდის რეაბილიტაციისთვის სახსრები გამოყო. გამოყოფილია 432 203 ლარი. ხიდის პროექტი ხარჯთაღრიცხვა მზად არის. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, კვირის ბოლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კონკურსს უკვე გამოაცხადებენ.