გასული 8 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს მერიისა და ახალქალაქის საკრებულოს სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად შემცირდა, საკრებულოში ხელფასის ხარჯები 104,55%-ით, ხოლო მერიაში 35,8%-ით გაიზარდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბოლო 8 წლის ბიუჯეტის შესწავლისას შესამჩნევია, რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის (უახლოეს წარსულში გამგეობაში) გამოყოფილი თანხები ბოლო 8 წლის განმავლობაში 461 290 ლარით გაიზარდა, რაც 8 წლის განმავლობაში 35.8%-ს შეადგენს. თუმცა, პანდემიის დროს 2020-2022 წწ. სახელფასო ფონდის 890 000 ლარამდე შემცირება შეინიშნება, რის შემდეგაც უკვე 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 77%-იანი ზრდა შეიმჩნევა.
რაც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 8 წლის განმავლობაში აქ სახელფასო ფონდი 104,55%-ით ან 460 000 ლარით გაიზარდა. აქ, პანდემიის წლებში, მნიშვნელოვანი კლება არ არის, მაგრამ 2022 წლიდან 2023 წლამდე 60%-ზე მეტით მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა.
ხელფასების გარდა, თვითმმართველობის თანამშრომლები პრემიებსაც იღებდნენ, რომელიც ასევე წლების განმავლობაში იზრდებოდა. პრემიები მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების წელს არ გამოიყო.
მაგალითად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პრემიაზე 2019 წელს 10 050 ლარი მიიღო, 2021 წელს- 10 100 ლარი, 2022 წელს – 20 100 ლარი, 2023 წელს – 18 350 ლარი, ხოლო წელს 30 000 ლარი გამოიყო.
რაც შეეხება ახალქალაქის მერიის თანამშრომელთა სახელფასო დანამატებს, 2019 წელს თანხა 18 000 ლარს შეადგენდა, 2021 წელს 74 100 ლარს, 2022 წელს – 148 200 ლარს, 2023 წელს 131 000 ლარს, ხოლო წელს 220 000 ლარია დაგეგმილი.