ახალქალაქელებს ხშირად უჭირთ საქართველოს სხვა ქალაქებში გამგზავრება. სატრანსპორტო სისტემა არ აკმაყოფილებს მოსახლეობის ყველა საჭიროებას, მიკროავტობუსები გადიან არახელსაყრელ საათებში. მანამდე, ზღვაზე დასვენების სეზონზე ახალქალაქიდან ბათუმამდე ტრანსპორტის უხერხულობის შესახებ დავწერეთ, ხოლო ამ სტატიაში განვიხილავთ ახალქალაქი-თბილისის მარშრუტს.
როგორც წესი, ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები დილის 7 და 9 საათზე გადიან და 13:00 და 17:00 საათზე ბრუნდებიან. თუმცა არის შემთხვევები, როცა ახალქალაქელებს პრობლემა ექმნებათ, როცა დილის 9 საათზე მიკროავტობუსი არ გადის. ან ადამიანები, რომლებიც 17:00 საათზე თბილისიდან ახალქალაქში აპირებდნენ წასვლას, უსიამოვნო სიურპრიზს აწყდებიან, რადგან მიკროავტობუსის არარსებობის გამო აღნიშნული რეისი შეიძლება უბრალოდ გაუქმდეს. ამ მხრივ, მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია – ზოგს არ შეუძლია თბილისში დარჩენა, რათა მეორე დღეს დაბრუნდეს, ზოგს კი გადაუდებელი საქმე აქვს.
„ჩვწნ 13:00 საათზე სამარშრუტო ტაქსის იმედი გვქონდა. ისე გამოვიდა, რომ ვერ მოვასწარით,17:00 საათიანის იმედი გვქონდა. იმ დღეს აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავით. აღმოჩნდა, რომ 5 საათზე ბოლო რეისი არ ყოფილა. ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით“, – კომენტარი გააკეთა ახალქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
აღმოჩნდა, რომ ასე საკმაოდ ხშირად ხდება.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ასე ხდება. ერთხელ საერთოდ არ იყო ტრანსპორტი, სამარშრუტო ტაქსი 17:00 საათზე უკვე გასული იყო დიდუბიდან, სამგორში მიკროავტობუსის მძღოლს დავურეკეთ, ადგილები დავჯავშნეთ, ჩამოვედით, მაგრამ ადგილები არ იყო. იძულებული ვიყავით ტაქსი გამოგვეძახებინა და, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირი გამოვიდა, მაგრამ რა ვქნათ, დარჩენას ვერსად ვერ შევძლებდით“, – ამბობს ახალქალაქის კიდევ ერთი მკვიდრი.
ის ამატებს, რომ თავად ტრანსპორტიც ძალიან არაკომფორტულია, სავარძლები ვიწროა, შუაში სკამებია მოთავსებული, ჯდომა არ არის კომფორტული, ასევე ძალიან ჭუჭყიანია. ამბობს, რომ სავარძელზე გამხმარი, უსიამოვნო ჭუჭყი შენიშნა.
აღსანიშნავია, რომ თბილისიდან მეზობელ ახალციხემდე მიკროავტობუსები ყოველ საათში მიდიან, ახალქალაქის მიმართულებით კი მხოლოდ 2 რეისია, რომლის რეგულარულობასაც ვერ დაეყრდნობით. დავამატებთ, რომ თბილისიდან ნინოწმინდის მიმართულებითაც (სამგორის ავტოსადგურიდან) არის რეისები, მაგრამ ასევე არარეგულარული და გამგზავრების დრო არაზუსტია.
ახალქალაქი-თბილისის ხაზზე მძღოლმა გრიგორი წურწუმიამ Jnews-თან საუბრისას თქვა, რომ 17:00 საათზე თბილისიდან სამარშრუტო ტაქსი უქმდება იმ შემთხვევაში, როდესაც დილით 9 საათზე ახალქალაქიდან მიკროავტობუსი თბილისში მგზავრების არარსებობის გამო არ გაემგზავრება.
„სამარშრუტო ტაქსში ერთი მგზავრი მაინც რომ იყოს, ის უნდა წავიდეს, თუ მგზავრები არ არიან, მაშინ 9 საათზე არ გადის მიკროავტობუსი და შესაბამისად, 5 საათზე სამარშრუტო ტაქსი უკან არ ბრუნდება. მაგრამ ჩვენ არასდროს ვტოვებთ ჩვენს მგზავრებს, ვათავსებთ. დიდუბეში, ახალქალაქში, მიკროავტობუსის მოპირდაპირედ არის ასპინძისკენ მიმავალი მიკროავტობუსი. ამ მიკროავტობუსით შესაძლებელია ახალქალაქში ჩამოსვლა, მძღოლს მოჰყავს, რადგან ასპინძაში 20 ლარი ღირს, ახალქალაქში კი 25, მისთვის მომგებიანია“, – ამბობს გრიგორი.
მისივე თქმით, ასპინძამდე მიმავალი სამარშრუტო ტაქსები ყოველთვის დადის, ამ მარშრუტზე შეფერხებები არ არის.