2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა კომპანია „დეგო“ შავ სიაში შეიყვანა, რომელმაც ახალქალაქის საკრებულოს შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის ტენდერში გაიმარჯვა და ხელშეკრულება გააფორმა, სამუშაოები არ შესრულებულა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურმა შპს „დეგოს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს “შავ სიაში” შეიყვანა. კომპანია “დეგო” რეგისტრირებულია თბილისში. 2023 წლის ივლისში კომპანიამ საკრებულოს შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის ტენდერი მოიგო, თუმცა სამუშაოები არ ჩაუტარებია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსის არამ მოვსისიანის თქმით, ბოლო დრომდე ამბობდნენ, რომ დაიწყებდნენ მუშაობას, მაგრამ არ დაუწყიათ.
მერიამ საკრებულოს შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2023 წლის 25 ივლისს 101 964 ლარის ოდენობით გამოაცხადა. კომპანიამ ტენდერი 98 092 ლარით მოიგო, კონკურსის მეორე მონაწილე იყო. პირველი მონაწილე, ინდმეწარმე ატრურ პეტროსიანი, რომელმაც სამუშაოს დასრულება 79 880 ლარად კისრულობდა, დისკვალიფიცირებული იყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, როზა იორდანიანის თქმით, კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა კომპანია არც კი ჩამოსულა.
„კომპანიას ხელშეკრულების მიხედვით სანქციების გადახდა მოუწია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხოლოდ ერთი წერილი გავუგზავნეთ და კომპანია მაშინვე შავ სიაში შეიყვანეს“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი როზა იორდანიანი.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის სატენდერო თანხის 0,1%-ის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადა, რომელიც ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, კომპანიას ჯერ არ გადაუხდია.
საქართველოში 2023 წელს შავ სიაში 16 კომპანია მოხვდა, ისინი მომავალ წელს ვერ მიიღებენ მონაწილეობას ახალ ტენდერებში, ხოლო იმ კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც სხვადასხვა თარიღში რამდენჯერმე დარეგისტრირდნენ შავ სიაში, ათვლა დაიწყება უახლესი თარიღიდან.