წელს საქართველოში პენსია გაიზარდა, ჯავახეთში პენსიონერები, რომლებიც მაღალმთიანი შეღავათით სარგებლობენ, უკვე გაზრდილ პენსიას მიიღებენ, 70 წლამდე პენსიონერები – 378 ლარს, 70 წელზე უფროსები კი – 498 ლარს. Jnews-მა დააზუსტა, თუ რამდენი პენსიონერია ჯავახეთში და რამდენი მათგანი ისარგებლებს დანამატით.

70 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის დანამატი 50 ლარია. ადამიანები, რომლებიც არ სარგებლობენ მაღალმთიანი შეღავათებით ასაკობრივ პენსიას 415 ლარის ოდენობით მიიღებენ. ხოლო ჯავახეთის 70 წელს გადაცილებული პენსიონერები (მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე) 498 ლარს მიიღებენ.

70 წლამდე პენსიონერებისთვის დანამატი 20 ლარია. პენსიონერები, რომლებიც არ ისარგებლებენ მაღალმთიანი შეღავათებით, მიიღებენ 315 ლარს, ხოლო ჯავახეთის პენსიონერების (მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე) პენსია 378 ლარი იქნება.

საქართველოში ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის – 65 წელი.

ჯავახეთში (ნინოწმინდა და ახალქალაქი), სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლისათვის 13 578 პენსიონერია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 9094 პენსიონერი იყო. აქედან 4329 ადამიანი 70 წელზე უფროსი ასაკის.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, 2023 წელს ასაკობრივი პენსია 4484-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 2066-მა 70 წელს გადაცილებულმა ადამიანმა.